ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან ბოდიშს მოითხოვენ


რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან სენატორ ჯონ მაკკეინის მისამართით გაკეთებული ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საუბარია თეთრი სახლის თანაშემწის - კელი სენდლერის ხუმრობაზე, როცა მან, დახურულ შეხვედრაზე კოლეგებს უთხრა, რომ სენატორ მაკკეინის აზრს ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ, „რადგან ის მალე მოკვდება.“ შეხვედრაზე დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელად ჯინა ჰასპელის კანდიდატურისთვის მხარდაჭერაზე საუბრობდნენ.„ასოშეიტედ პრესს“ ინფორმაცია ანონიმურობის შენარჩუნების პირობით, კრების ორმა მონაწილემ დაუდასტურა.

81 წლის ჯონ მაკკეინი ექვსგზის სენატორია. გასულ წელს მას თავის ტვინის კიბოს აგრესიული ფორმის - გლიობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს. ის რამდენიმე თვეა არიზონის შტატში მკურნალობის მკურნალობის კურსს გადის.

სენატორი მაკკეინი კონგრესში, 2017 წლის დეკემბერი
სენატორი მაკკეინი კონგრესში, 2017 წლის დეკემბერი

სენატორი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ახალი დირექტორის კანდიდატურის წინააღმდეგია და მან ოთხშაბათს სენატს მოუწოდა, ჯინა ჰასპელი ამ პოზიციაზე არ დაემტკიცებინა.

ჰასპელი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო იმ დრომდე, სანამ მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნებოდა.ჰასპელს თავისი წარსულის გამო, კერძოდ, ტყვეთა მკაცრი მეთოდებით დაკითხვის მხარდაჭერასა და ამ დაკითხვებში ჩართულობისთვის აკრიტიკებენ.

თეთრი სახლის განმარტებით, სენატორის ავადმყოფობაზე გაკეთებული ხუმრობა ადმინისტრაციის ოფიციალური ბოდიშის საფუძველი არ არის.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა, რომ ადმინისტრაცია პატივს სცემს სენატორის მიერ ქვეყნისადმი გაწეულ სამსახურს და „მას და მის ოჯახს ლოცვებში მოიხსენიებს“.

ჯონ მაკკეინი ომის გმირია და შესაბამის მოპყრობას იმსახურებს
სენატორი ჯონ ერნსტი

მაკკეინისთვის ბოდიშის მოთხოვნით უკვე რამდენიმე სენატორი გამოვიდა, მათ შორის არიან ლინსი გრემი სამხრეთ კაროლინიდან, ჯონ კორნინი ტეხასიდან, ჯონ კენედი ლუიზიანიდან და დენ სალივანი ალასკიდან. თუმცა ამ მოთხოვნებს თეთრი სახლის პოზიცია არ შეუცვლია. როგორც ამერიკულ მედიაში წერენ, „ტრამპის თეთრს სახლს შეცდომები დაუშვია, მაგრამ ბოდიშს, თითქმის, არასდროს იხდის“.

„ეს არასწორი საქციელია, ბოდიში უნდა მოიხადონ“, ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოდან რობ პორტმანი.

აიოველი რესპუბლიკელი სენატორის ჯონ ერნსტის შეფასებით, მაკკეინი ომის გმირია და „შესაბამის მოპყრობას იმსახურებს“.

„არ მინდა ეს შანსი ხელიდან გავუშვა, მინდა ვთქვა, რომ მისი მეგობრობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მჯერა რომ მთელი სენატი ამავე აზრზეა, ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ“, განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა.

„სენატორი მაკკეინი ამერიკელი გმირია, მან თავი მიუძღვნა საჯარო სამსახურს. ეს ამბავი ერთ დღეში დავიწყებას მიეცემოდა თეთრ სახლს ბოდიში რომ მოეხადა“, ამბობს მაიკ სტილი,რესპუბლიკელი სტრატეგი გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში.

არ აქვს მნიშვნელოვა როგორ კვდები, მთავარია როგორ იცხოვრე
მეგან მაკკეინი

პრეზიდენტ ტრამპის გუნდს და სენატორ მაკკეინს შორის ეს პირველი დაპირისპირება არ არის. მაკკეინს, რომელმაც დემონსტრაციულად არ დაუჭირა მხარი ტრამპის მიერ „ობამაქეარის“ გაუქმებას, პრეზიდენტის თანაგუნდელები „ზომიერ პოლიტიკოსად“ მიიჩნევენ, რომელიც ხელს უშლის მათ საკანონმდებლო პრიორიტეტებს.

ტრამპს მაკკეინისთვის არც 2015 წელს მოუხდია ბოდიში, როცა საპრეზიდენტო კამპანიის დროს განაცხადა, რომ „მაკკეინი გმირი არ არის“. მაკკეინმა ვიეტნამის ომის დროს ტყვეობაში ხუთი წელი გაატარა, კანდიდატმა ტრამპმა კი მას ტყვეობაში ჩავარდნისთვის დასცინა: „ის გმირია იმიტომ რომ ტყვედ ჩავარდა. მე მომწონს ხალხი, ვინც ტყვედ არ ვარდება“ თქვა მაშინ ტრამპმა.

მაკკეინის მეგობრები ხშირად იხსენებენ იმას, თუ როგორ იცავდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მაკკეინი მის მეტოქე ბარაკ ობამას, როცა მას „არაბს“ ან „მუსლიმს“ უწოდებდნენ.

„ის ღირსეული ადამიანია და თქვენ მისი არ უნდა გეშინოდეთ. მე დიდ პატივს ვცემ სენატორ ობამას და მის მიღწევებს, მე ყოველთვის პატივს მივაგებ მას. მინდა ყველა პატივისცემით მოვიქცეთ, იმიტომ რომ ამერიკაში პოლიტიკა ასე უნდა წარიმართოს“ - უთხრა მაკკეინმა კამპანიისას ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელმაც სენატორს უთხრა, რომ „მუსლიმი ობამას“ პრეზიდენტობა მას აშინებდა.

სენატორი მაკკეინი ქალიშვილ მეგანთან ერთად
სენატორი მაკკეინი ქალიშვილ მეგანთან ერთად

სენატორის ქალიშვილმა მეგან მაკკეინმა, რომელიც ტელეკომპანია NBC-ზეგადაცემა View-ს თანაწამყვანია, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკვირს თუ როგორ ინარჩუნებს დღემდე სამსახურს კელი სენდლერი, რომელმაც მამამისის ჯანმრთელობაზე იხუმრა.

“როგორ შეიძლება ადამიანმა ასე იხუმროს და მეორე დღეს სამსახურში მოვიდეს”, თქვა მან და სენდლერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ ყველანი მოვკვდებით, მეც მოვკვდები, შენც მოკვდები, ყველანი მოვკვდებით. უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მამაჩემს დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ ცხოვრების არსზე ბევრი ვიფიქრე. არ აქვს მნიშვნელოვა როგორ კვდები, მთავარია როგორ იცხოვრე“, თქვა მეგან მაკკეინმა, რომლის თქმითაც, მამამისის გმირობაზე მომდევნო საუკუნეებშიც ისაუბრებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG