ლიდერობის დაკარგვის შემდეგ მიტ რომნი ფავორიტების სიაში ისევ მოექცა.
მეინის შტატში გამართული უკანასკნელი პრაიმერის დროს რომნიმ ტეხასის ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი დაამარცხა.
მან ასევე გაიმარჯვა საცდელ კენჭისყრაში, რომელიც ვაშინგტონის შტატში გაიმართა. რომნი ტრადიციულად დემოკრატიულ შტატში-მასაჩუსეტში რესპუბლიკელი გუბერნატორი იყო:
რომნი: „მე დემოკრატიულ შტატში კონსერვატორულ პოლიტიკას ვაწარმოებდი.“
რომნი ცდილობს ამერიკელი კონსერვატორების ხმების მოპოვებას. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი კონსერვატორების ფავორიტია.
სანტორუმმა უკანასკნელ სამ პრაიმერიში კონსერვატორების ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა.
ვაშინგტონში კონსერვატორების შეხვედრაზე სანტორუმმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
სანტორუმი: „ბარაკ ობამას პოლიტიკის შეცვლას, რომელიც უდაოდ არ ამართლებს, ახალი მიდგომა, ახალი იდეები და ხედვა დასჭირდება.“
კონგრესის ყოფილ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ცდილობს კონსერვატორების ხმების მოპოვებას. მან საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა რესპუბლიკელების ისტაბლიშმენტზე და განსაკუთრებით მიტ რომნი გააკრიტიკა:
გინგრიჩი: „ის არ არის საკმარისად მკაცრი, არ არის ბოლომდე თავდადებული საქმისთვის და არ აქვს მიდგომა, რომელიც ამ ქვეყანაში უმრავლესობის მოპოვებისთვისაა საჭირო.“
ორპარტიული პოლიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი ჯონ ფორტიერი აცხადებს, რომ რომნის ჯერ ისევ უჭირს კონსერვატორების გულის მოგება:
ფორტიერი: „ჩემი აზრით, მის მიმართ ხალხი ენთუზიაზმით არ არის განწყობილი. თუმცა, ამასთან ერთად არ მგონია რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა მას ცუდ კანდიდატად მიიჩნევდეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ ფავორიტის შერჩევას.“
ფორტიერი ამბობს, რომ რომნი ყველაზე ძლიერი კანდიდატია რესპუბლიკელებს შორის, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს:
ფორტიერი: „რესპუბლიკელებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ თითოეული მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ბარაკ ობამა პრეზიდენტად აღარ უნდათ. ეს ფაქტორი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნედეს არჩევნების დღეს.“
რესპუბლიკელი კანდიდატები პრაიმერების მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც თებერვლის ბოლოს გაიმართება. ხოლო 6 მარტს კი, ეგრეთ წოდებული, „სუპერ სამშაბათია,“ რომლის დროსაც პრაიმერი 10 შტატში ერთდროულად ტარდება.