ოთხდღიანი კონვენციის კულმინაცია დონალდ ტრამპის გამოსვლა იყო, რომელიც რესპუბლიკელთა ყრილობას მისმა ქალიშვილმა, ასევე წარმატებულმა ბიზნესმენმა ივანკა ტრამპმა წარუდგინა. ანალიტიკოსების აზრით, კამპანიის სტრატეგებმა ამ შემთხვევაში გათვლა გააკეთეს ქალ ამომრჩევლებზე, რომელთა შორის დონალდ ტრამპს შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს. ბოლო გამოკითხვებით, ქალებში მისი პოპულარობა 34 პროცენტს არ აღემატება.
„მამას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტისთვის აუცილებელი უნარების და ძლიერების გარდა, სიკეთე და თანაგრძნობაც გააჩნია, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნისთვის საჭირო ლიდერის როლი შეასრულოს“ - თქვა ივანკა ტრამპმა.
სიტყვის დასაწყისში მან მამის ხასიათის შედარებით ნაზი მხარე წამოსწია წინ, მაგრამ მოგვიანებით, ყურადღება უფრო მის პროფესიულ სიძლიერეზე - ადამიანების ცნობის უნარზე, სწორი კადრების შერჩევაზე გადაიტანა. რესპუბლიკელთა ყრილობაზე საერთოდ ხშირად კეთდებოდა აქცენტი იმაზე, რომ ტრამპი არ არის პოლიტიკოსი, არამედ წარმატებული საქმიანი ადამიანია, რომელიც მეგაპოლისების რელიეფებს და ჰორიზონტებს ცვლის.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის პოლიტიკის ბოლო 60 წლის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა წამყვანი პარტიის ნომინაცია მოიპოვა ადამიანმა, რომელსაც მონაწილეობა აქამდე არცერთ დონეზე არცერთ საჯარო არჩევნებში მიუღია.
„ჩვენ ერთად გავუძღვებით და დავაბრუნებთ ჩვენს პარტიას თეთრ სახლში. ჩვენს ქვეყანას კი გავუძღვებით და დავაბრუნებთ უსაფრთხო, მშვიდობიან და აყვავებულ გარემოში“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მილიარდერმა უძრავი ქონების მაგნატმა ბოლო დროს გახშირებული პოლიციელების მკვლელობის ფონზე, ქვეყანაში წესრიგის სასწრაფო დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ტრამპმა რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ წესრიგს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაამყარებს, თუმცა არ უხსენებია, თუ რა გზით აპირებს ამის გაკეთებას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად სასაზღვრო კედელს აღმართავს და ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი მთავრობის „კრედო იქნება ამერიკანიზმი და არა გლობალიზმი“.
საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ტრამპი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ამერიკა ისრაელის უპირველეს და უერთგულეს მოკავშირედ დარჩება. რესპუბლიკელთა ნომინანტმა ასევე ისაუბრა ტერორიზმის და კერძოდ, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების და ე.წ. ხალიფატის დამარცხების აუცილებლობაზე.
ყრილობის პარალელურად ოთხი დღის განმავლობაში განუწყვეტლად გრძელდებოდა ტრამპის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, რომელსაც კლივლენდის პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა.