დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ანკარა თურქეთისგან "ეს-400" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეიძენს. ცნობები ამის შესახებ თურქულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ წელიწადზე მეტხანს მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
შეთანხმების ღირებულება, სავარაუდოდ, 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეს გარიგება დასავლეთის შეშფოთებას იწვევს, რადგან თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურაში ამ სისტემის ინტეგრირება ვერ მოხდება.
იარაღის შესყიდვა ერთ-ერთი ნაბიჯია იმ სხვა ქმედებებს შორის, რომლებსაც ანკარა ახორციელებს თავდაცვის გასაუმჯობესებლად. ამ ყველაფრის მიზეზად კი მთავრობა ქვეყნის შიგნით მყოფი ქურთი და ისლამისტი მებრძოლებისგან მომდინარე საფრთხეებს ასახელებს, ისევე როგორც მოსაზღვრე ერაყსა და სირიაში არსებულ კონფლიქტებს.
შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა სერგეი ჩემეზოვმა, რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის „როსტეკის“ ხელმძღვანელმა „კომერსანტს“ უთხრა, რომ ხელშეკრულების თანახმად თურქეთი, "ს-400-ის" ოთხ კომპლექსს იყიდის.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი შესყიდვის პირველ პარტიას თურქეთს 2020 წლის მარტში მიაწოდებს. ჩემეზოვის თქმით, თურქეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ამ ტიპის სარაკეტო სისტემა ექნება.
თურქულ გაზეთებში კი გამოქვეყნდა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ თურქეთი ამ შეთანხმებისთვის საჭირო თანხას რუსულ ვალუტაში სესხად აიღებს.
„ამ სესხს არა დოლარში, არამედ რუბლებში ავიღებთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
ჩემეზოვის თანახმად, თურქეთი შეთანხმების ღირებულების 45 %-ს წინასწარ გადაიხდის, დანარჩენ 55 %-ს კი სესხით დაფარავს.
სხვადასხვა გამოცემის წყაროების თანახმად, სარაკეტო სისტემის ღირებულებას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის თანხებით დააფინანსებს. რუსული ბანკები კი მხოლოდ თანხის ტრანსფერის ნაწილში ჩაერთვებიან.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2015 წელს, მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო საზღვარის დარღვევის გამო ჩამოაგდო. თუმცა მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის კავშირების გაუმჯობესება დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სირიაში მიმდინარე ომში დაპირისპირებულ ძალებს უჭერენ მხარს. ანკარა და მოსკოვი ახლა თანამშრომლობენ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ისევე, როგორც თავდაცვისა და ენერგო სექტორებში.
თურქეთი სხვა ქვეყნებთანაც ცდილობს თავდაცვის საკითხებზე თანამშორმლობას. ნოემბერში თურქეთმა საფრანგეთთან და იტალიასთანაც მოაწერა ხელი ერთობლივ თავდაცვით პროექტებზე თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ შეთანხმებას. ბოლო პერიოდში თურქეთი ასევე დიდ ინვესტიციას დებს ქვეყნის შიდა თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, იქნება ეს საჰაერო და საზღვაო სამხედრო ხომალდები, ვერტმფრენები, ტანკები თუ დრონები.
Facebook Forum