ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რეფერენდუმომანია“ ოკუპირებულ ცხინვალში


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მარიონეტული რეჟიმი, ბოლო 24 წლის მანძილზე, აპირებს რიგით მესამე „რეფერენდუმის“ გამართვას, რომელმაც „საკონსტიტუციო საფუძვლები უნდა შექმნას სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესასვლელად“.

სეპარატისტული ანკლავის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ბრძანა, რომ მათ აშფოთებთ “სულ უფრო გახშირებული მოთხოვნები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ რუსეთმა გააუქმოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება”. ასევე, „აშფოთებთ,NATO-ს მოახლოება რუსეთის საზღვრებთან, მზარდი ანტირუსული და ანტიოსური რიტორიკა საქართველოს მხრიდან“.

2006 წლის 12 ნოემბერს, მეორე „რეფერენდუმზე“, 99 პროცენტზე მეტმა მხარი უკვე „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა“

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში, სამხედრო ინტევენციის შემდეგ, სცნო “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა” (აფხაზეთთან ერთად). ყველაფერი გააკეთა, რომ იგივე ნაბიჯი ვენესუელას, ნიგარაგუას და ნაურუს გადაედგათ, 2059 წლამდე განალაგა იქ რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა, ლეონიდ თიბილოვის აზრით, ეს საკმარისი აღარ არის და უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ რუსეთთან გაერთიანებით გადაწყდება.

“ჩვენი სამხრეთელი მეზობელი უარს არ ამბობს თავის მილიტარისტულ გეგმებზე და უარს ამბობს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მწვავედ ვხედავთ, ჩვენი დიდი ხნის ოცნების განხორციელების აუცილებლობას - დიდ რუსეთთან გაერთიანებას.“

მომავალი „რეფერენდუმის“ გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილი ჯერ არ არის. საუბარია, რომ ეს 2017 წლამდე უნდა მოხდეს. ექსპერტები, როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში ყურადღებას ამახვილებენ, იმ ფაქტზე, რომ ეს იქნება ამ თემაზე გამართული უკვე რიგით მესამე „რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში”.

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც გვაძლევს საერთაშორისო საზოგადოება და სამართალი. ამაზე იქეთ, დღეს ჩვენ ვერ გადავხტებით
ირაკლი სესიაშვილი

პირველი „რეფერენდუმი“ ანკლავში, 1992 წლის იანვარში გაიმართა, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მაშინ უცნაური შედეგი დაფიქსირდა: 99,91%-მა (53308 ადამიანმა) დაუჭირა მხარი „დამოუკიდებლობას“ და იგივე 99,89 %-მა (53291 ადამიანმა) „რუსეთთან შეერთებას“. „რეფერენდუმში“ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

2006 წლის 12 ნოემბერს, მეორე „რეფერენდუმზე“, 99 პროცენტზე მეტმა მხარი უკვე „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა“, ისევ ეთნიკური ქართველების ბოიკოტის ფონზე. დღეს ანკლავში, საიდანაც ეთნოწმენდის შედეგად, ქართველობა თითქმის მთლიანად გამოდევნილია, თვლიან, რომ „2006 წლის რეფერენდუმმა“, „1992 წლის რეფერენდუმის“ შედეგების „ნიველირება“ მოახდინა, ამიტომ „მესამე რეფერენდუმი“ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს

„ასეთი რეფერენდუმები ადრეც ჩატარებულა, თუმცა მას და ე.წ სტრატეგიულ ხელშეკრულებებს რუსეთთან არანაირი ფასი არ აქვს. მთავარია, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია, რუსეთი გასულია საერთაშორისო კონტროლის ზონიდან. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც გვაძლევს საერთაშორისო საზოგადოება და სამართალი. ამაზე იქეთ, დღეს ჩვენ ვერ გადავხტებით.“

კრემლში ცხინვალის მორიგ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებიან. ცნობილია, რომ 2015 წლის ბოლოს, ანალოგიურ ძმურ შეთავაზებაზე, მოსკოვში განაცხადეს, რომ „დღეს ამის დრო არ არის“. რუსეთს ყოველწლიურად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შენახვა - დაახლოებით, 9 მილიარდი რუსული რუბლი, 115 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, რომელიც ანკლავში თებერვის დასაწყისში ჩატარდა, „სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე“ სულ 53 559 ადამიანი ცხოვრობს, აქედან, 30 ათასი - ქალაქ ცხინვალში. (ანუ ზუგდიდის მოსახლეობაზე ცოტა)

გამომდინარე იქედან, რომ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა უმრავლესობა (98%-ზე მეტი) ოფიციალურად რუსეთის მოქალაქეა და 2016 წლის სექტემბრის, რუსეთის დუმის არჩევნებზე, ეს მოქალაქეები (პლუს, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, ჯამში 65 ათასი „ამომრჩეველი“), ხმას ჩინეთ-მონღოლეთის მოსაზღვრე, იმერბაიკალეთის, ჩიტასა და დაურის საარჩევნო ოლქებში მისცემენ, ცნობილმა რუსმა პოლიტიკურმა ექსპერტმა ლეონიდ სტროჩმა ცხინვალის მორიგ იდეას, „სარეფერენდუმო ფარსი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG