იაპონიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, იოკიო ედანო, ფუკუშიმას მიდამოებში მოყვანილი ბოსტნეულის და ხილის ვარგისიანობას უშუალოდ კურირებს. ტელევიზიით ტრანსლირებულ კადრებში ის თავად სინჯავს ბოსტნეულს, რათა იაპონიის მოსახლეობა მის უსაფრთხოებაში დაარწმუნოს.
თავიდან, სწორედ ქვეყნის ოფიციალურმა ხელისუფლებამ ატეხა განგაში და გამოაცხადა, რომ ბოსტნეულში რადიაციის დონე დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატებოდა. დღეს კი იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ მრავალჯერადი ტესტირების შედეგად, ისინი ადასტურებენ, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების დონე პროდუქტში ნორმალიზებულია და მისი მოხმარება სრულებით უსაფრთხოა.
ეს ინფორმაცია ეთერში სწორედ იმ დღეს გავიდა, როცა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, ფუკუშიმა დაიჩის კრიზისი უმაღლესი დონის კატასტროფებს გაუტოლდა. ბოლო მონაცემებით ფუკუშიმას კრიზისმა ხუთიდან შვიდ ნიშნულზე გადაინაცვლა და სიდიდით ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფას გაუტოლდა.
ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის სპიკერმა, ჯუნიცი მაცუმოტომ, ოფიციალური ბოდიშით მიმართა იაპონიის და უცხოეთის მოსახლეობას:
„გულწრფელად ვიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ჰაერში გაჟონილი რადიოაქტიური ნივთიერებების დონე ჩერნობილს გაუტოლდა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტიც იყოს,“ განაცხადა მან.
ციფრი შვიდი საერთაშორისო ნიხრით ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამ მონაცემებს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აწესებს და არეგულირებს იმ ზიანის მიხედვით, რომელსაც ესა თუ ის შემთხვევა ადამიანებს და გარემოს აყენებს.
იაპონიის პრემიერ მინისტრი ნაოტო კანი აცხადებს, რომ სიტუაცია ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე ნაბიჯ-ნაბიჯ რეგულირდება და რადიაციის გაჟონვის დონე თანდათან იკლებს. იაპონიის ოფიციალური პირები ჯერ კიდევ ამტკიცებენ, რომ გაჟონილი რადიაციის საერთო რაოდენობა ჩერნობილის მხოლოდ მეათედს შეადგენს. ასევე საბჭოთა კატასტროფისგან განსხვავებით იაპონურ სადგურზე აფეთქება არ მომხდარა და რადიოაქტიური ნოვთიერების გაჟონვა მთელი ამ ხნის განმავლობაში კონტროლს ექვემდებარებოდა.