ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს გადაუგზავნა


რუსეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი განსახილველად ქვეყნის პარლამენტს გადაუგზავნა. ვლადიმირ პუტინის ამ ნაბიჯს ბევრი აღიქვამს, როგორც პრეზიდენტის მცდელობას, ძალაუფლება 2024 წლის შემდეგაც შეინარჩუნოს. პოლიტოლოგების აზრით, პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის გაძლიერების შემდეგ, პუტინი ან სახელმწიფო საბჭოს მეთაურის, ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.

ცვლილებები პუტინმა ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში, ოთხშაბათს წარმოადგინა. პრეზიდენტის თქმით, ახალი კანონპროექტის მიზანი პარლამენტის როლის გაზრდა და დემოკრატიის გაძლიერებაა. კრემლის კრიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე ისევ და ისევ მისი მმართველობის გახანგრძლივებას ემსახურება.

კრემლი პარლამენტსაც აკონტროლებს. დუმამ, პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს დაადასტურა, რომ კანონპროექტი მიიღო. მისი განხილვა ხუთშაბათს იგეგმება. მოელიან, რომ დუმა კანონპროექტს იოლად დაამტკიცებს.

67 წლის პუტინი ქვეყანას უკვე 20 წელზე მეტია მართავს, ყველაზე მეტხანს, ვიდრე რუსეთის, ან საბჭოთა კავშირის ნებისმიერი ლიდერი, სტალინის შემდეგ. სტალინი საბჭოთა კავშირს 29 წელი მართავდა, 1924-1953 წლებში.

პუტინის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე მოიცავს საერთაშორისო კანონმდებლობის შესუსტებას. რუსეთის კანონებს მათთან შედარებით პრიორიტეტი მიენიჭება. კრემლი დიდი ხანია გაღიზიანებას არ მალავს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც მას მთელ რიგ დარღვევებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. კიდევ ერთ ცვლილებაში, პრეზიდენტი მთავრობის მაღალჩინოსნებს უკრძალავს უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეობას და უცხოეთში ცხოვრების უფლებას.

ცვლილებების გამოცხადებასთან ერთად, პუტინმა სამსახურიდან გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, რომელიც პოსტს 8 წლის მანძილზე იკავებდა. მის ადგილზე მიხეილ მიშუსტინი დაინიშნა.

მინისტრთა ახალი კაბინეტი რუსეთში ჯერ არ ჩამოყალიბებულა. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მთელმა ერმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მექანიზმით აპირებს ის ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG