ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ახალი წელი რამდენიმე ლიდერს არ მიულოცა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანას ახალი წელი მიულოცა და უთხრა, რომ რუსეთი დღეს რთულ პერიოდს გადის, მაგრამ თუ რუსი ხალხი ერთად დარჩება, ქვეყანა თავის მიზანს მიაღწევს. პუტინი სიტყვით, ტრადიციულად, ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში გამოვიდა. მისი გამოსვლის შემდეგ, კრემლის ზარებმა ხალხს ახალი წლის მოსვლა ამცნო.

პუტინმა ახალი წელი კოლეგებსაც მიულოცა. თუმცა, კრემლის ოფიციალურ გვერდზე 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ მილოცვების სიაში რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტისთვის ახალი წლის მილოცვა არ შევიდა.

პრეზიდენტმა პუტინმა ახალი წელი არ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურებს.

41 სახელმწიფო ლიდერს შორის, რომლებსაც პუტინმა ახალი წელი მიულოცა, არიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.

პუტინს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველებიც არ გამორჩა და ისინი მილოცვების სიაში შეიყვანა.

რუსეთში 2019 წელს დემონსტრაციების უპრეცედენტო ტალღა მოეწყო. ადამიანები, ძირითადად ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას აპროტესტებდნენ.

2019 წელს, პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG