ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის განცხადების კონტექსტი


როგორ და რა კონტექსტში გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოსთან სავიზო რეჟმის შესაძლო გაიოლების შესახებ?

ვლადიმირ პუტინმა ტრადიციულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ისაუბრა. მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა თამარ ნუცუბიძის („რუსთავი-2“) მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვაზე, თუ რა პოლიტიკური ნაბიჯებისთვის არის მზად რუსეთი, საქართველოსთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და შეიცვალა თუ არა პირადად პრეზიდენტის პოზიცია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პუტინმა აღნიშნა, რომ მას ქართული ხელმძღვანელობისადმი დამოკიდებულება შეეცვალა, ქართველი ხალხის მიმართ კი - არა.

„როგორი თბილი და ყველაზე კეთილგანწყობილი ურთიერთობაც მქონდა, ისეთივე დამრჩა. მაშინაც კი, ყველაზე რთულ დროს, როცა კავკასიაში თქვენთვის ცნობილი მოვლენების გამო საბრძოლო ქმედება მიმდინარეობდა, აღარ გავიმეორებ რატომ, მაშინაც კი ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე კეთილი განწყობა მქონდა“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ასეთივე განწყობა იგრძნობოდა რუსი ხალხისადმი ქართველების მხრიდანაც. ამ განცხადების საილუსტრაციოდ მან ერთ-ერთ ქალაქში მომხდარი შემთხვევა მოიყვანა, როდესაც რუს ჯარისკაცებთან ქართველი მოხუცებული მამაკაცი მივიდა და უთხრა მათ, რომ მათ იქ არაფერი ესაქმებოდათ. ჯობდა, თბილისისკენ წასულიყვნენ და „მიშკა“ მოეცილებინათ. პრეზიდენტმა პუტინმა ასევე მოიგონა, თუ როგორ დაეხმარა, სახლში წაიყვანა და გაუმასპინძლდა ქართველი მოხუცებული ქალი კატაპულტირებულ რუს პილოტს, რომლის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

„როცა ვამბობ, რომ ყველაზე კეთილი დამოკიდებულება მაქვს ქართველი ხალხის მიართ, ამას ხუმრობის და ირონიის გარეშე ვგულისხმობ. ჩვენ ძალიან ღრმა ურთიერთობა გვაქვს, როგორც კულტურული, ასევე - სულიერი, ვგულისხმობ რელიგიურ სიახლოვეს. არის პრობლემები, რომელთა წარმოშობა ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ არ დაგვიწყია ეს საბრძოლო ქმედებები. ახლა ეს სრულებით თვალსაჩინოა. ყველამ ეს დიდი ხნის წინ აღიარა. მოხდა ის, რაც მოხდა. ათასჯერ ვთქვით, არავითარ შემთხვევაში არ ქნათ ეს, არ დაუშვათ სისხლისღვრა, არ მიიყვანოთ აქამდე. არა, მაინც მიიყვანეს. ახლა გარკვეული რეალობა ჩამოყალიბდა. ვერ შევძლებთ, რომ ამას ანგარიში არ გავუწიოთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ვხედავთ სიგნალებს, რომელსაც ახალი ქართული ხელმძღვანელობა გვაძლევს“ - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველო-რუსეთს შორის მიმოსვლის შესაძლო გაიოლების შესახებ და განაცხადა, რომ ის რუსეთს და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენას არ გამორიცხავს. პუტინის თქმით, მან არ იცის, ზუსტად რა იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. (სერგეი ლავროვმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთი არ არის მზად საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე გადასვლაზე.)

პრეზიდენტ პუტინის აზრით, შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროში რაიმე ფორმალობების დაცვა იყოს საჭირო, თუმცა, „საქართველოში სიტუაციის განვითარების ჩვენი აღქმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავისუფლად წავიდოდით უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე. საჭიროა ექსპერტების დონეზე, როგორც საჭიროა, ისე გაანალიზება. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების“- განაცხადა პუტინმა და განმარტა, რომ ამ გზით ადამიანებს მეტი ურთიერთობა შეეძლებათ, ქართულ საწარმოებს კი რუსულ ბაზარზე მუშაობის საშუალება მიეცემათ და საერთოდ, შეიქმნებოდა იმის წინაპირობა, რომ ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი ფუნდამენტურად დასრულებულიყო.
XS
SM
MD
LG