ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ შეიცვალა პუტინის სტრატეგია?


„მოსკოვს პარანოია აქვს. ეს კლასიკური საბჭოური ტყუილის სტრატეგიის ისტორიიდანაა“ - რეიგანის ადმინისტრაციის წევრი

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრორუსულ რეგიონებში ყირიმისგან განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევს: ყირიმის უკრაინისგან გამოყოფაში და რუსეთთან მიერთებაში დიდ როლს რუსული ძალები თამაშობდნენ. აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში კი დესტაბილიზაციას უმეტესად პრორუსულად განწყობილი ამბოხებულები ახორციელებენ. რას უნდა მოასწავებდეს ეს ცვლილება?

რუსი ჯარისკაცების უკრაინის საზღვართან მოზღვავება და წვრთნების დაწყება ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიასაც უძღოდა წინ. თუმცა, აშკარაა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, იქ სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს, სტრატეგიას ცვლის.
ბმული

ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი კიტ დარდენი ამბობს, რომ შესაძლოა პუტინი პრორუს სეპარატისტებს რუსეთის მომავალ მოქალაქეებად სულაც არ აღიქვამდეს. რუსეთის პრეზიდენტი მათ ჯერჯერობით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ზემოქმედების ბერკეტად იყენებს.

„მაშინ როცა ყირიმს ის სტრატეგიულ აქტივად მიიჩნევდა, რომლის წართმევაც მნიშვნელოვანი იყო, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების სტრატეგიული დანიშნულება თავად უკრაინაშივე უნდა იყოს. ეს არის როგორც დასაყრდენი, რომელსაც რუსეთი კიევის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა უკრაინის დასავლეთისკენ, ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა შეაჩეროს. ასე რომ, ვფიქრობ, მას ამ რეგიონების გაძლიერება და უკრაინის შიგნით შენარჩუნება სურს“ - აღნიშნავს პროფესორი დარდენი.

დონეცკელ სეპარატისტებს ყირიმის მსგავსად რეფერენდუმის ჩატარება სურთ, რათა უკრაინას გამოეყონ და რუსეთს შეუერთდნენ. დენის პუშილინი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“, რომელმაც ქალაქის სამთავრობო შენობები დაიკავა.

„რეფერენდუმი სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან დამოუკიდებელი ურთიერთობის საშუალებას მოგვცემს. ფედერალიზება მოხდება თუ არა, დამოუკიდებლობის მოპოვება აუცილებელია“ - აცხადებს პუშილინი.

მოსკოვი სავარაუდოდ ფედერალიზმის დამკვიდრებას შეეცდება, რათა უკრაინის აღმოსავლეთში რუსულენოვანი მოსახლეობა საკუთრ ბერკეტად გამოიყენოს. მაგრამ ასეთი შედეგი პუტინის მიმართ ძალიან დიდი დათმობა იქნებოდა, აცხადებს ფონდ „ჰერითიჯის“ მკვლევარი არიელ კოენი.

„რას ნიშნავს სინამდვილეში უკრაინის ფედერალიზაცია? ფედერალიზება პრაქტიკულად ქვეყანას დაუძლურებულ და უუნარო ერად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყანას კონსტიტუციური ცვლილება დააძალო. საინტერესოა თავად რუსეთს რას მოუტანს უკრაინის ფედერალიზება?“ - კითხულობს ექსპერტი.

რუსი ლიდერი აცხადებს, რომ ყველა უკრაინელი თავისუფალი უნდა იყოს და უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის არჩევა. ამასთან პუტინი უგულვებელყოფს იმ კრიტიკას, რაც მოსკოვის მიერ ყირიმისთვის თავსმოხვეულ რეფერენდუმის ჩატარებას და ნახევარკუნძულის ანექსიას მოჰყვა.

„გულწრფელები და ობიექტურები თუ ვიქნებით, ყველასთვის გასაგები გახდება, რომ წარმოუდგენელია ადამიანები საკუთრი სახლებიდან, ბინებიდან იარაღის ძალით გამოაგდო და ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებზე გაყარო“ - აცხადებს პუტინი. ის კვლავ ამტკიცებს, რომ დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენისთვის დღესაც მზად არის. მაგრამ ამავე დროს იმასაც უსვამს ხაზს, რომ უკრაინის პრორუს სეპარატისტებს და რუსეთში 90-იანი წლების ჩეჩენ სეპარატისტებს შორის პარალელის გავლება არ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში მათ საქმე „საერთაშორისო ტერორიზმთან“ ჰქონდათ. „იქ მოქმედებდნენ კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ფორმირებები, რომელთაც იარაღით უცხოეთიდან ამარაგებდნენ. ეს დიდ განსხვავებას იძლევა“ - აცხადებს პუტინი.

რეიგანის ადმინისტრაციის პერიოდის მრჩეველი საბჭოთა კავშირის საკითხებში, ჯონ ლენჩზოვსკი, რომელიც ამჟამად მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში მუშაობს, ამბობს, რომ პრეზიდენტ პუტინის მიდგომა ძალიან გავს საბჭოთა პერიოდის ტაქტიკურ სვლებს.

„მოსკოვს პარანოია აქვს. ეს კლასიკური საბჭოური ტყუილის სტრატეგიის ისტორიიდანაა. მისი მიზანია დასავლეთში ყველას ისევ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ მოსკოვს ისევ ფრთხილად და დელიკატურად უნდა მოვექცეთ. თითქოს ისე უნდა გავუმკლავდეთ, რომ არც ძალიან დიდ პროვოკაციაზე წამოვაგოთ და არც სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ, რომ რაიმე უარესი არ ჩაიდინოს“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

პუტინი შესაძლოა საბჭოთა პერიოდის სტრატეგიას იყენებდეს, მაგრამ რუსეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტატუსი დღეს ბევრად განსხვავებულია. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კაპჩანი ამბობს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირივით ძლიერი სახელმწიფო არ არის. რუსეთს მილიონობით შეიარაღებული ჯარისკაცი და მსოფლიო კლასის საზღვაო ფლოტი ჰყავდა. მისი მოკავშირე ქვეყნები მთელ მსოფლიოში იყვნენ გაბნეული. ეს ის რუსეთი არ არის, რაც უწინ. დღეს რუსეთს 750-800 ათასიანი არმია ჰყავს. საზღვაო ფლოტი კი იმის აჩრდილიც არ არის, რაც იყო. რუსეთს მსოფლიოში დღეს სულ რამდენიმე მოკავშირე დარჩა - აღნიშნავს პროფესორი კაპჩანი.
XS
SM
MD
LG