ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონეცკის რეფერენდუმი


დონეცკი აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელშიც პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა ავტონომიის მოთხოვნით გამოდის. დენის პუშილინი ხელმძღვანელობს ჯგუფს, რომელსაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ ქვია. ისინი ამჟამად ქალაქის სამთავრობო შენობებს აკონტროლებენ. დენისი ამბობს, რომ 11 მაისს რეგიონის ფედერალიზაციის შესახებ რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება.

„ამისთვის ყველაფერი მზად გვაქვს, მაგრამ ყველა კარტს წინასწარ ვერ გავშლით და ამ ეტაპზე ყველაფერს ვერ გავამხელთ. ეს იმიტომ, რომ მედიის ბევრი წარმომადგენელი, თქვენ არ გგულისხმობთ, მაგრამ მათ შორის ბევრი ფალსიფიცირებულ ინფორმაციას ავრცელებს. ამიტომაც ჯობია ყველაფერი უჩუმრად ვაკეთოთ“ - ამბობს ის.

მარტში ყირიმში ანალოგიური რეფერენდუმი ჩატარდა. ძირითადად პრორუსი მოსახლეობით დასახლებულ ნახევარკუნძულზე მოსახლეობამ ხმა უკრაინისგან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას მისცა, რასაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მოჰყვა. სერგეი გერასიმოვი, დონეცკში შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური ამბობს, რომ ის ავტონომიის მომხრეა, მაგრამ რუსეთთან შეერთება არ სურს. „მე პირადად უკრაინაში დავრჩებოდი, ოღონდ ფედერალიზაციის პირობებში, თუკი მეტი უფლებები მოგვენიჭებოდა. მიმაჩნია, რომ უკრაინა ერთიანი უნდა იყოს“ - აცხადებს ის.

აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულად განწყობილ ლიდერებს ამ ეტაპზე ეუთოს თანამშრომლები ხვდებიან და წინააღმდეგობების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებზე მათთან მოლაპარაკებებს მართავენ. ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი მარკ ეზერინგტონი თვლის, რომ საუბრები ჯერჯერობით კონსტრუქციულ ჩარჩოებში მიმდინარეობს.

„საკუთარი პოზიცია გამოხატეს. დიალოგის საჭიროებაზე ვისაუბრეთ, სიტუაციის დეესკალაციაზე და ასევე ძალადობის თავიდან აცილების აუცილელობაზე“ - აცხადებს ეუთოს წარმომადგენელი.

თუმცა, უკრაინის დედაქალაქში განწყობა ბევრად უფრო კატეგორიულია. უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერი აცხადებს, რომ ხელისუფლება „კრიმინალურ ქმედებაზე ადეკვატური რეაგირების უფლებას იტოვებს“.
XS
SM
MD
LG