ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლდება თუ არა ცივი ომი?


უკრაინაში შეჭრის და ყირიმის ანექსიის შემდეგ ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობა ძალზე გართულდა

ცივი ომი პირობითად დაძაბულობის იმ ეპოქას უწოდეს, რომელიც მეოცე საუკუნის თითქმის მთელი მეორე ნახევარი დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკებს შორის არსებობდა. დასავლეთის ბლოკში შეერთებული შტატები, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შემავალი სახელმწიფოები და რამდენიმე სხვა ქვეყანა მოიაზრება. აღმოსავლეთის ბლოკში კი ძირითადად საბჭოთა კავშირი და ვარშავის პაქტში მონაწილე ქვეყნები, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები იგულისხმება. საუბარია დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე, 1945 წლიდან დაწყებული, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე - 1991 წლამდე ინტერვალზე.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:34 0:00
ბმული

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კაპჩანი ამბობს, რომ ფაქტიურად ცივი ომი ორ სამხედრო ბლოკს შორის არსებული მტრობა იყო, რომელსაც დასავლეთის მხრიდან შეერთებული შტატები ლიდერობდა, აღმოსავლეთიდან კი - საბჭოთა კავშირი.

„ის კომუნიზმს და კაპიტალიზმს შორის იდეოლოგიური პაექრობით, ავტოკრატიულ და დემოკრატიულ სისტემებს შორის შუღლით განისაზღვრებოდა. ასევე არსებობდა ტრადიციული გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელიც განვითარებად მსოფლიოზე და სამხედრო ინდუსტრიაზე დომინირების სურვილით იყო განპირობებული“ - აღნიშნავს პროფესორი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცივი ომის პერიოდი თითქოს ისტორიის კუთვნილება გახდა. თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულმა ყირიმის ანექსიამ და ქვეყნის სხვა რეგიონებში შექმნილმა დაძაბულობის კერებმა ცივი ომის თემა ისევ წინ წამოსწია და მისი განახლების საშიშროებაზე კამათი გამოიწვია.

ბრიუსელში გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს იდეა რამდენიმე მოსაზრების გამო უარყო: „ეს ფაზა, რომელშიც ჩვენ გადავდივართ, ახალი ცივი ომის დასაწყისი არ გახლავთ. ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, რუსეთი სახელმწიფოთა ბლოკის ლიდერი არ არის და მას არც რაიმე გლობალური იდეოლოგია გააჩნია“. ობამას განცხადებით, რუსეთი მხოლოდ „რეგიონალური ძალაუფლებით“ შემოიფარგლება, რომელიც რამდენიმე მეზობლის შეშინებას ცდილობს. ეს კი არა ძლიერებით, არამედ მისი სისუსტით აიხსნება - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

მას პროფესორი კაპჩანიც ეთანხმება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო. „ცივი ომის პერიოდში რუსეთს მილიონობით შეიარაღებული ჯარისკაცი და მსოფლიო კლასის საზღვაო ფლოტი ჰყავდა. მისი მოკავშირე ქვეყნები მთელ მსოფლიოში იყვნენ გაბნეული. ეს ის რუსეთი არ არის, რაც უწინ. დღეს რუსეთს 750-800 ათასიანი არმია ჰყავს. საზღვაო ფლოტი კი იმის აჩრდილიც არ არის, რაც იყო. რუსეთს მსოფლიოში სულ რამდენიმე მოკავშირე ჰყავს და სწორედ ეს არის ის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ცივი ომის განახლებაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“ - აღნიშნავს ვაშინგტონში მდებარე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი.

თუმცა, პროფესორი რობერტ ლეგვოლდი შეერთებული შტატების მეორე, ასევე ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებიდან, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტი, განსხვავებულ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი თქმით, „ცივი ომი უკვე დაიწყო. ეს არ არის უმრავლესობის ხედვა. ხალხის უმეტესობა შინაგანად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ასეთი დიდი მასშტაბის, რთული და საშიში ეპოქა ისევ დაბრუნდა და რომ ბირთვული არმაგედონის აჩრდილი კვლავ გამოჩნდა, ისევე როგორც 50 წლის წინ“.

საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად პროფესორ ლეგვოლდს ისტორიული მაგალითებიც მოჰყავს. ჯერ ერთი ის, რომ 20 წლის მანძილზე რუსეთი ვერც მოკავშირედ, ვერც მტრად ვერ ჩამოყალიბდა. რაღაც შუალედურია. თავად რუსეთისთვის დასავლეთი ისევ ისეთად რჩება, როგორც 20 წლის წინ იყო. მათი შეხედულებები და წარმოდგენები არსად გამქრალა. ამას გარდა, სახელმწიფო ლიდერების გამოსვლებში მოწინააღმდეგე მხარე აშკარად მტრად არის წარმოდგენილი. ყველაფერთან ერთად, ვაშინგტონის და მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი მოკავშირეობაზე, ვინაიდან მათ თანამშრომლობაზე ფუნდამენტალურად განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.

იმის მიუხედავად დაერქმევა თუ არა მიმდინარე მოვლენებს ცივი ომის განახლების დასაწყისი, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიტუაცია მაინც გამოსწორებადია. მათი აზრით, დაძაბულობის დაძლევა შესაძლოა ვაშინგტონში და მოსკოვში ახალი ლიდერების მოსვლით მოხდეს.
XS
SM
MD
LG