ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი და ჩაკ ჰეგელი რუს კოლეგებს მასპინძლობენ


„2 პლიუს 2“ შეხვედრა სერგეი ლავროვთან და სერგეი შაიგუსთან პრეზიდენტ ობამას მიერ მოსკოვში გაუქმებული შეხვედრის ფონზე მიმდინარეობს

დიპლომატიას შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის მიწა ფეხქვეშ თანდათან ეცლება. პრეზიდენტ ობამას მიერ მოსკოვში რუს კოლეგასთან გაუქმებულ შეხვედრას, დედაქალაქში განაწყენებით შეხვდნენ. პუტინის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ თუკი ობამა გადაიფიქრებს, რუსეთის მიწვევა მოსკოვში კვლავ ძალაში რჩება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ჯენ ფსაკი ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ობიექტურად შექმნილი გარემოებებით ხსნის.

მთელ რიგ საკითხებზე ჩვენ პროგრესის ისეთ დონეს ვერ მივაღწიეთ, რომ პრეზიდენტების დონეზე შეხვედრა ყველაზე კონსტრუქციული ნაბიჯი გამხდარიყო“ - აცხადებს შეერთებული შტატების საგარეო უწყების სპიკერი. ამ საკითხებში მოიაზრება რუსული ოპოზიციის დევნა, სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგება ევროპაში და ჯაშუშობისთვის ამერიკაში ძებნილი ედუარდ სნოუდენისთვის მოქალაქეობის მინიჭების ფაქტი.

ენტონი კორდესმანი, სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრიდან, პრეზიდენტ ობამას აკრიტიკებს და ამბობს, რომ შეხვედრაზე და საუბარზე უარის თქმა დიპლომატიაში სწორ გზავნილად არ ითვლება. გზავნილის კომუნიკაცია სწორედ მოლაპარაკებაზე უნდა მოხდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტში ორი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე სნოუდენზეც ისაუბრბენ, თუმცა ის მოლაპარაკების დიდ ნაწილს არ შეადგენს, რადგან ყველამ ისედაც კარგად იცის ამერიკის პოზიცია სნოუდენთან დაკავშირებით - განმარტავს შეხვედრის დაწყებამდე ჯენ ფსაკი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. შეხვედრა „2 პლიუს 2“ ძირითადად სირიის და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის პრობლემატურ საკითხებს ეთმობა.

ენტონი კორდესმანის თქმით, „ძალიან ბევრი რამ ხდება ირგვლივ, იმისთვის რომ არაფერი იღონონ, არ დაილაპარაკონ და არ შეხვდნენ. მათ გარედან პროცესებზე ზეგავლენის ბერკეტები უნდა მოძებნონ“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრიდან.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ვაშინგტონში გაუარესებული დიპლომატიის პირობებში შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს და მას უფრო საქმიანს გახდის. პრეზიდენტი ობამა მართალია მოსკოვში წასვლაზე უარს ამბობს, მაგრამ მისი განრიგიდან სექტემბერში სანკტ პეტერბურგში დიდი ოცეულის სამიტზე დაგეგმილი ვიზიტი ამოღებული არ არის.
XS
SM
MD
LG