ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბაში უშუქობის და საკვების დეფიციტის ფონზე საპროტესტო აქციები იმართება


ასობით ადამიანი კუბის სიდიდით მეორე ქალაქ სანტიაგოში, კვირას იშვიათ საპროტესტო გამოსვლაში ჩაერთო. პროტესტმა აიძულა კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი "სიმშვიდისა და მშვიდობის ატმოსფეროში" დიალოგისკენ მოეწოდებინა.

სანტიაგოში მომიტინგეები ქუჩებში “შუქი და საკვების" სკანდირებით გამოვიდნენ. კუბა უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისში COVID-19 პანდემიის შემდეგ ჩავარდა. ქვეყანაში საკვების, საწვავის და მედიკამენტების ღრმა დეფიციტია. შედეგად, რეკორდულად მაღალი რაოდენობის - 400,000-ზე მეტი - ადამიანი შეერთებულ შტატებში მიგრანტად ჩამოვიდა.

„პარტიის, სახელმწიფოსა და ხელისუფლების ვალდებულებაა, მოისმინონ ჩვენი ხალხის პრეტენზიები... აუხსნან მათ ძალისხმევა, რომელსაც ეწევიან სიტუაციის გასაუმჯობესებლად”, - თქვა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე.

დიაზ-კანელმა ასევე თქვა, რომ "ტერორისტები" შეერთებული შტატებიდან ცდილობდნენ შემდგომი საპროტესტო ტალღის გაღვივებას. „ამ კონტექსტს გამოიყენებენ რევოლუციის მტრები დესტაბილიზაციის მიზნით“.

პოლიცია სანტიაგოში "სიტუაციის გასაკონტროლებლად" და "ძალადობის თავიდან ასაცილებლად" გაიგზავნა, ნათქვამია სახელმწიფო მედია “კუბადებატის” მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე პროტესტისას.

სანტიაგოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ბეატრიზ ჯონსონმა თქვა, რომ აღმოსავლეთ კუბის ქალაქში მომიტინგეები „პატივისცემით“ განწყობილნი იყვნენ და „ყურადღებით უსმენდნენ“ მთავრობის განმარტებებს საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტის შესახებ.

აშშ-ის საელჩომ ჰავანაში განაცხადა, რომ აკვირდება საპროტესტო აქციებს სანტიაგოში და სხვაგან. „ჩვენ მოვუწოდებთ კუბის მთავრობას პატივი სცეს მომიტინგეების უფლებებს და დააკმაყოფილოს კუბელი ხალხის ლეგიტიმური საჭიროებები“, - დაწერა საელჩომ X-ზე.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა გააკრიტიკა აშშ-ის საელჩოს კომენტარი და ვაშინგტონი კუბის "მწვავე ეკონომიკური მდგომარეობაში" სავაჭრო ემბარგოსა და სანქციების გამო დაადანაშაულა.

კუნძულზე საპროტესტო გამოსვლები ძალზე იშვიათია, მაგრამ ბოლო წლებში აქციები გახშირდა.

XS
SM
MD
LG