იმ მედიკამენტებისა და მკურნალობის მეთოდების ჩამონათვალი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო, ძალიან მრავალფეროვანია. მათ შორისაა ექსპერიმენტული მედიკემანტები და ისეთები, რომლებიც რეცეპტის გარეშე იყიდება აფთიაქებში.
თერაპია ანტისხეულებით
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტს პარასკევს პოლიკლონური ანტისხეულების ე.წ. კოქტეილი გადაუსხეს. ნივთიერებათა ეს ნაკრები ხელს უშლის ვირუსს შეაღწიოს უჯრედებში და დააინფიციროს ისინი. თუკი ადამიანის ორგანიზმს ბუნებრივი ანტისხეულების გამოსამუშავებლად შესაძლოა კვირები დასჭირდეს, ლაბორატორიაში შექმნილი ანტისხეულები მას თავიდანვე ეხმარება ვირუსის დამარცხებაში.
ეს თერაპია ექსპერიმენტულია და ის საკვებისა მედიკამენტების ადმინისტრაციას ჯერ ოფიციალურად არ დაუმტკიცებია. ტრამპმა ეს მკურნალობა კომპანია "რეგენერონისგან", რომელიც ამ "კოქტეილს" აწარმოებს, იმ პროგრამის ფარგლებში მიიღო, რომელიც "სერიოზული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგრომარების" მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.
პროდუქტი ერთ-ერთია ანტისხეულებით მკურნალობის იმ ორ თერაპიას შორის, რომლებიც შემოწმების ბოლო ეტაპებზეა.
რემდესივირი
ტრამპმა შაბათს ასევე მიიღო "რემდესივირი". ანტივირუსული პრეპარატი, რომელსაც პაციენტებს როგორც წესი მაშინ უნიშნავენ, როდესაც მათი მდგომარეობა უარესდება. პრეპარატი თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ იყო შექმნილი. პრეზიდენტის სისხლში შაბათს ჟანგბადის მაჩვენებლებიც დაეცა. "რემდესივირი" პირველი ანტი-კორონავირუსული პრეპარატია, რომელიც საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გადაუდებელი აუცილებლობის დროს მისაღებად დაამტკიცა. თუმცა ის არ კურნავს კორონავირუსს. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ის ამცირებდა პაციენტების მიერ საავადმყოფოში გატარებული დღეების რაოდენობას.
დექსამეტაზონი
ფაქტი, რომ პრეზიდენტს დექსამეტაზონით უმკურნალეს, მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ხნით მაინც, მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზული იყო. ექიმების ნაწილი აცხადებს, რომ მსუბუქი მიმდინარეობისას დექსამეტაზონი არ ინიშნება, რადგან ის ვერ ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც პარალელურად ჟანგბადი არ მიეწოდებათ.
საკმაოდ იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი სტეროიდული პრეპარატი თავად ვირუსს არ კურნავს, თუმცა შველის იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ვირუსზე ორგანიზმის რეაქციითაა გამოწვეული. ამ პრეპარატის გამოყენება ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. კვლევის თანახმად იმ პაციენტების ერთი მესამედი, რომლებსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებოდა, სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ მათ დექსამეტაზონი მიეწოდებოდათ. თუმცა, ნაკლებად მძიმე პაციენტებს, წამალი არ ეხმარება.
ფამოტიდინი
პრეზიდენტს ასევე მისცეს პრეპარატი ფამოტიდინი, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქებში. მისი ბრენდული სახელი "პეპსიდია", თუმცა ამ პრეპარატის გამოყენების მიზეზი უცნობია. თვეების წინ იყო საუბარი იმაზე, დაეხმარებოდა თუ არა ეს პრეპარატი კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს, მაგრამ მისი ეფექტურობის მტკიცებულებები კვლავ არასაკმარისია.
პრეზიდენტმა ტრამპმა თავადაც არაერთხელ დაუჭირა მხარი იმ პრეპარატებს, რომლებიც ჯერ დამტკიცებული არ არის, მათ შორის ჰიდროქლოროქვინს. ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტებმა მისი კვლევაც კი ნაადრევად შეწყვიტეს, რადგან მისი სარგებლიანობა არ მტკიცდებოდა.
Facebook Forum