უკრაინის პოლიციის ცნობით, ყოფილი რუსი კანონმდებელი, დენის ვორონენკოვი, ოთხშაბათს კიევში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეს მკვლელობა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო შეკვეთილი.
ვორონენკოვმა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, გასულ წელს თავი უკრაინას შეაფარა და უკრაინის ყოფილი პრო-რუსული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ღალატის საქმეზე ჩვენება მისცა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ თქვა, რომ სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, ვორონენკოვის მიერ მიცემული ჩვენება გახდა. მისი თქმით ეს „კრემლის მიერ ჩადენილი, ტიპიური, მოწმის სიკვდილით დასჯა იყო.
პოლიციის ცნობით, ვორონენკოვი კიევის ცენტრში, სასტუმროს წინ იდგა, როცა თავდამსხმელმა მას ესროლა და მოკლა. ვორონენკოვის პირადი მცველიც დაიჭრა, მაგრამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი დაჭრა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება.
ილია პონომარიოვმა, ასევე უკრაინაში გაქცეულმა ყოფილმა რუსმა კანონმდებელმა თქვა, რომ როცა თავდასხმა მოხდა, ვორონენკოვი მასთან შესახვედრად მიდიოდა.
მან თქვა, რომ დანაშაულის პოტენციური თეორია აშკარაა. ვორონენკოვი კრიმინალი არ იყო, ის გამომძიებელი იყო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა.
მოსკოვმა მკვლელობასთან ნებისმიერი კავშირი უარყო.
კრემლის პრეს მდივანმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ნებისმიერი ინსინუაცია, რომელიც ე.წ. რუსული კვალის შესახებ უკვე ჟღერდება, აბსურდია.
Facebook Forum