მაიკ პომპეო, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, საქართველოს 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულს" - ამ სიტყვებით იწყება განცხადება, რომელიც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"შეერთებულ შტატებს და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, რომელიც ერთობლივ ფასეულობებს და თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ერთიანობის დიდ სიყვარულს ეფუძნება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ერთგულებას.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მკაფიო არჩევანს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ძალისხმევას საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის - ნატოს მისიას ავღანეთში. ქართველი სამხედროები მამაცად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ქართველებს, ვინც ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღო გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების გზაზე" - აცხადებს ამერიკის საგარეო უწყების ლიდერი.
მაიკ პომპეო განცხადებაში სამომავლო პარტნიორულ გეგმებზეც საუბრობს. "მომავალ წელს, მოუთმენლად მოველით ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას, როცა საქართველო გაატარებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ კანონის უზენაესობას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და პანდემიისგან კოვიდ-19 აღდგენის მცდელობებს. ასეთი კრიზისები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმეს და ფასს.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - ნათქვამია განცხადების დასასრულს.
Facebook Forum