პოლონეთში შესაძლოა პარლამენტის დათხოვნა და ნაადრევი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. ამის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, 6 მაისს გააკეთა. გადაწვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთისთვის უპრეცედენტო მეთოდით ჩატარებას, რომელიც მოქალაქეების მიერ ბიულეტენის ფოსტით გაგზავნას გულისხმობს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ამ ეტაპზე აჩვენებს, რომ მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდას და მმართველ "კანონისა და სამართლიანობის პარტიას" საკმარისი მხარდაჭერა აქვთ იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 10 მაისისთვის იყო დაგეგმილი, გამარჯვება მოიპოვონ. თუმცა, პოლონეთის პოლიტიკური სპექტრი დაყოფილია იმასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს თუ არა არჩევნები კორონავირუსის პანდემიის დროს, წინასაარჩევნო კამპანიის შეზღუდვის პირობებში და მაშინ, როცა ქვეყანა ფაქტობრივად სრულად დაკეტილია.
მმართველ პარტიას სურს არჩევნები მაისში ჩატარდეს. განრიგის შესანარჩუნებლად და მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, მისი ლიდერები ბიულეტენების ფოსტით გაგზავნის ინიციატივით გამოდიან. თუმცა, "კანონისა და სამართლიანობის პარტიამ" ამ დრომდე ვერ შეძლო პარლამენტის ამ შეთავაზებაზე დათანხმება. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ბიულეტენების ფოსტით გაგზავნა არჩევნების უსაფრთხოებას დაასუსტებს.
პარლამენტის ზედა პალატამ გუშინ კენჭისყრით უარი თქვა არჩევნების ფოსტის მეშვეობით ჩატარებაზე. ქვედა პალატამ, სეიმმა, საკითხს კენჭი ამ კვირაში უნდა უყაროს.
პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა 23 მაისია. მმართველი პარტია არჩევნების ფოსტით ჩატარების მაგალითად გერმანიაში ბავარიის არჩევნებს ასახელებს, რომელიც ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენებით, 15 მარტს ჩატარდება.
კორონავირუსის შედეგად პოლონეთში თითქმის 15 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. ამ დროის მონაცემებით გარდაიცვალა 720-ზე მეტი ადამიანი.
Facebook Forum