ამერიკელ რეგულატორებს "ფაიზერ-ბიონტექმა" დღეს ოფიციალურად მიმართა, რათა მათ მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე დამტკიცდეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" კომპანია "ფაიზერმა" გაავრცელა.
შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ საკითხის განხილვის დღედ 26 ოქტომბერი ჩანიშნა. დამოუკიდებელ მრჩეველთა პანელი "ფაიზერის" კვლევის შედეგებზე იმსჯელებს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის შემდგომ ინსტანციაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში გადაინაცვლებს.
ბავშვები ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით 27%-ს შეადგენენ. ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემებით, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი, დელტა ვარიანტის გავრცელების შემდეგ, თანდათან მატულობს.
"ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინა ზრდასრულებში სრულადაა დამტკიცებული. 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში კი აცრა საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე კეთდება. "ფაიზერი" უკვე აწარმოებს კვლევებს 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და კიდევ უფრო პატარებშიც: 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში.
Facebook Forum