"პიუს კვლევების ცენტრი" ამერიკასა და მსოფლიოში მოსახლეობის განწყობებს იკვლევს. ცენტრის უკანასკნელი გამოკითხვა მსოფლიოში ამერიკის იმიჯს, წამყვანი ლიდერების რეიტინგებს და საზოგადოების განწყობებს სწავლობს. ამ თემებზე უფროს მკლევარს, ჯეიკობ პუშტერს, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
პირველ რიგში დიდი მადლობა. თქვენი ეს კვლევა გლობალურ ტენდენციებს, ამერიკის იმიჯს მსოფლიოში და პრეზიდენტების რეიტინგებს იკვლევს. რა მეთოდოლოგიას იყენებთ?
ჩვენ მსოფლიოს გარშემო 25 ქვეყანას ვფარავთ. ძირითადად, პირისპირ გამოკითხვებს ვატარებთ. თითოეულ ქვეყანაში, დაახლოებით, 1000 ადამიანს ვესაუბრებით. უფრო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიცაა დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და აღმოსავლეთ აზია, ტელეფონით ვატარებთ გამოკითხვას.
როგორ იცვლებოდა ამერიკისადმი კეთილგანწყობა მსოფლიოში სხვადასხვა პრეზიდენტების პირობებში?
ამერიკის მიმართ მოწონება დაფუძნებულია იმაზე, თუ ვინაა ამერიკის პრეზიდენტი. 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკის მიმართ მაღალი მხარდაჭერა ვიხილეთ, რომელიც თანდათანობით დაეცა ერაყის ომისა და ბუშის ადმინისტრაციის დასასრულისკენ. ობამას არჩევნების შემდეგ ზრდა ვიხილეთ, არამხოლოდ კეთილგანწყობის, არამედ ამერიკის პრეზიდენტის მიმართ ნდობის კუთხით. ობამას ვადის განმავლობაში, კეთილგანწყობის და პრეზიდენტის მოწონების კუთხით, მაღალი რეიტინგები ფიქსირდებოდა. ტრამპის არჩევასთან ერთად კი, მსოფლიოში ამერიკისადმი პოზიტიური განწყობა შემცირდა, ობამას პერიოდთან შედარებით. შემცირდა ამერიკის მიმართ ნდობაც. თუმცა, ზოგადად, მსოფლიოს გარშემო მოსახლეობის უმეტესობა კეთილგანწყობილია ამერიკის მიმართ და არა პირიქით.
თქვენი კვლევის მიხედვით, ტრამპის რეიტინგი მსოფლიოში დაბალია და დღეს პრეზიდენტ ბუშის პრეზიდენტობის დასასრულის რეიტინგს უთანაბრდება. თუმცა, ეს მაჩვენებელი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად პოლონეთი და უნგრეთი გამონაკლისს წარმოადგენენ. როგორია ტენდენცია და წლების მანძილზე როგორ შეიცვალა შეხედულებები ევროპაში?
როდესაც საქმე პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას და ამერიკისადმი კეთილგანწყობას ეხება ევროკავშირის 10 ქვეყანაში, სადაც ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, მონაცემები განსხვავდება. აღმოსავლეთ ევროპა, პოლონეთი და უნგრეთი, ზოგადად, უფრო მეტადაა ამერიკის მიმართ კეთილგანწყობილი და უფრო მეტად ენდობა ამერიკის პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, თუ ვის უკავია ეს თანამდებობა.
ჩვენ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ამერიკისადმი კეთილგანწყობის კუთხით 70-80 პროცენტით ვარდნა ვიხილეთ. მაგალითად, გერმანიაში 10-დან მხოლოდ 3 ადამიანია ამერიკის მიმართ კეთილგანწყობილი და მხოლოდ 10 პროცენტს მოსწონს პრეზიდენტი ტრამპი, რაც [გერმანიისთვის] ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია.
კვლევა აჩვენებს, რომ ისრაელი გამონაკლისია. იქ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ კეთილგანწყობა მაღალია - მოსახლეობის 69 პროცენტს მოწონს პრეზიდენტი, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი გასულ წელს 56 პროცენტი იყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად უკავშირდება ასეთი ზრდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გადაეტანა ამერიკის საელჩო იერუსალიმში?
ისრაელი გამონაკლისია. იქ მოსახლეობას პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მაღალი ნდობა აქვს და ეს მაჩვენებელი გაიზარდა ერთ წელიწადში, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, საელჩოს იერუსალიმში გადატანა და რეგიონში ისრაელისადმი მხარდაჭერაა... კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ტრამპის ნდობის კოეფიციენტი გაიზარდა, სამხრეთ კორეაა. ეს სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ უნთან მოლაპარაკებაში [ამერიკის] ჩართულობამ განაპირობა. იქ ტრამპის რეიტინგი მაღალია და ამერიკისადმი მოსახლეობის 80 პროცენტია კეთილგანწყობილი.
თქვენ სხვა მსოფლიო ლიდერების პოპულარობასაც იკვლევთ. ვინ არიან ყველაზე პოპულარული ლიდერები მსოფლიოში?
იმ 25 ქვეყანას თუ გადავხედავთ, სადაც კვლევა ჩავატარეთ, ანგელა მერკელი ლიდერობს. მას ემანუელ მაკრონი მოსდევს... სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს ლიდერები არ სარგებლობენ ისეთივე პოპულარობით, როგორც დასავლეთ ევროპაში. თუმცა, სახალისო ფაქტია ის, რომ საფრანგეთში მერკელი უფრო პოპულარულია, ვიდრე მაკრონი და გერმანიაში მაკრონი უფრო მოსწონთ, ვიდრე მერკელი.
გასული წლის კვლევებთან შედარებით, ვხედავთ, რომ რუსეთის მოსახლეობის შეხედულებები შეიცვალა. 2017 წელს, რუსეთის მოსახლეობის 41 პროცენტი პოზიტიურად აღიქვამდა ამერიკას, თუმცა ეს რიცხვი წელს 26 პროცენტზე დაეცა. მსგავსად, 2013-2015 წლებშიც ამერიკისადმი კეთილგანწყობის მკვეთრი შემცირება ვიხილეთ. როგორ ფიქრობთ ეს მაშინ უკავშირდებოდა უკრაინის კრიზისს, თუ არა?
ობამას პრეზიდენტობის ბოლოს, ყირიმის ანექსიის და საპასუხო სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთში ამერიკის პოპულარობა შემცირდა, ობამასადმი ნდობამ და ამერიკისადმი კეთილგანწყობამ იკლო. 2017 წელს ეს მაჩვენებლები გაიზარდა, რაც შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინს უკავშირდებოდა. ის რუსეთის მიმართ უფრო პოზიტიური შეხედულებებით გამოირჩეოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. სანქციები არ შემსუბუქებულა. არ გვინახავს „გადატვირთვა“ მსგავსად ობამას პრეზიდენტობის დასაწყისისა. [ობამას] „გადატვირთვის პოლიტიკის“ შემდეგ, ორივე ქვეყანაში, ერთმანეთის მიმართ, განწყობები გაუმჯობესდა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას მსგავსი პოლიტიკა არ გაუტარებია და შესაბამისად, რუსეთში [ამერიკის] რეიტინგი თითქმის გაუტოლდა იმ მაჩვენებელს, რაც მის არჩევამდე იყო.
რუსეთის მოსახლეობის 81 პროცენტი მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინს საერთაშორისო არენაზე. როგორ იცვლებოდა ეს რიცხვი?
პუტინისადმი მხარდაჭერა რუსებს შორის ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, ადრეული 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ჩვენ ამ კითხვას ვუსვამთ რესპონდენტებს... რუსები საკუთარ ლიდერს მტკიცედ უჭერენ მხარს, განსაკუთრებით, საერთაშორისო არენაზე.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებს მსოფლიოს გარშემო უფრო მოსწონთ ამერიკა და უფრო პოზიტიური შეხედულება აქვთ, ვიდრე უფროს თაობას. ამასთან, ასაკის გარდა, რამდენად განსხვავდება შეხედულებები, როდესაც საქმე იდეოლოგიას ეხება?
ისინი, ვინც თავს იდეოლოგიური სპექტრის მარჯვნივ მოიაზრებენ, უფრო მეტად კეთილგანწყობილნი არიან ამერიკის მიმართ და მეტად ენდობიან პრეზიდენტ ტრამპს. და ეს ასეა როცა საქმე ევროპაში მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს შეეხება. ისინი, ვისაც დიდ ბრიტანეთში „დამოუკიდებლობის პარტია“, გერმანიაში „ალტერნატივის პარტია“ და იტალიაში „ჩრდილოეთის ლიგა“ მოსწონთ, ასევე დადებითად აფასებენ ამერიკას და ენდობიან მის პრეზიდენტს.
და ბოლოს, როგორ აღიქვამენ მსოფლიოში ამერიკას, როგორც ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დამცველს?
უფრო ნაკლები ადამიანი ამბობს, რომ ამერიკა საკუთარი მოსახლეობის ინდივიდუალურ თავისუფლებებს პატივს სცემს. ეს ტენდენცია ობამას ადმინისტრაციის შემდეგ დაიწყო, ფერგიუსონის მოვლენების, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სკანდალის შემდეგ გერმანიაში. ჩვენ ვიხილეთ ვარდნა ამ კუთხით. მიუხედავად ამისა, ჯერ ისევ უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ ამერიკა იცავს ინდივიდუალურ უფლებებს, ვიდრე მაგალითად ჩინეთი. ამიტომ ამ კუთხით, ამერიკა ჩინეთს უკან იტოვებს.
Facebook Forum