ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრმა სახლმა ჩრდილოეთი კორეის მიმართ "ახალი დროების" დადგომა გამოაცხადა



ჩრდილოეთი კორეის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა სწრაფად ვითარდება. საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია. თეთრი სახლი ფხენიანის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ირჩევს, მაგრამ გაურკვეველია, რას გულისხმობს ის.

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისაგან რამდენიმე მეტრში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჩრდილოეთი საჯაროდ გააფრთხილა, რომ აშშ-ის პოლიტიკა იცვლება.

"სტრატეგიული მოთმინების დრო დასრულდა."
ეს გახლდათ მოკლე განცხადება დიდი შინაარსით, რომ აშშ აღარ დაელოდება, როგორ გააგრძელებს ჩრდილოელი ლიდერი კიმ იონგ უნი ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს, რისი შედეგიც მსოფლიოს ახლახან გამართულ სამხედრო აღლუმზე უჩვენა.

მაგრამ გაურკვეველია, რა იქნება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომდევნო ნაბიჯი. ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთის წინააღდეგ, შეიძლება, მარტომ იმოქმედოს.

მუქარის გაჟღერებისთანავე, აშშ-ის ავიამზიდი და მოიერიშე ხომალდები კორეის ნახევარკუნძულისაკენ დაიძრნენ.

ტრამპი ასევე შეეცადა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის დარწმუნებას, რომ მან ჩრდილოკორეელ მოკავშირეზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს.

მაგრამ ეს ნაბიჯები იმ სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელსაც წინა ადმინისტრაციები მიმართავდნენ. ისმის კითხვა: შეცვლის, თუ არა პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი?

აშშ-ის ყოფილი ელჩი სამხრეთ კორეაში კრის ჰილი, რომელიც ჩრდილოეთთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს უძღვებოდა, ამბობს, რომ ჯადოსნური გამოსავალი არ არსებობს.

"ადამიანს განუსაზღვრელი შესაძლებლობები არ გააჩნია. არც დიპლომატიაში ველი, რომ ვიღაც ქუდიდან ბაჭიას ამოაძვრენს."

ჰილი, რომელიც "ამერიკის ხმას" "სკაიპით" ესაუბრა, ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის მოულოდნელობაზე გათვლილ სტრატეგიას, კერძოდ - პრეზიდენტის ჯიუტ განცხადებას, რომ ის მომდევნო სვლას არ გაამხელს და მოქმედების ყველა ვარიანტს განიხილავს.

"მოულოდნელობა კარგია, თუ ფეხბურთს, ან კალათბურთს თამაშობ და მეტოქემ არ იცის, რას უმზადებ. მაგრამ მოულოდნელობამ, შესაძლოა, პრობლემებიც წარმოშვას, განსაკუთრებით, თუ პარტნიორებმა არ იციან, რას აპირებ და რას გკარნახობს ინსტინქტი; აგრეთვე, არ უნახავთ შენი გაკეთებული საქმე."

"თეთრი სახლის" ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი დრო დგება, მაგრამ წვრილმანების გამხელა არ ისურვა.

"პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ მოქმედების ყველა ვარიანტის დღის წესრიგში დატოვება უპირატესობას გვანიჭებს."

გამოცანად რჩება, როგორ გამოიყენებს ტრამპი ამ უპირატესობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG