50 წლის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ამერიკის მშვიდობის კორპუსის დაარსების ბრძანება გასცა. დღემდე ორგანიზაციას 200 ათასზე მეტი მოხალისე ჰყავს გაგზავნილი მსოფლიოს 139 ქვეყანაში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოხალისეებს 2001 წლიდან აგზავნის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე კორპუსის მისიით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 300-ზე მეტი მოხალისე მსახურობდა. ამჟამად საქართველოში მშვიდობის კორპუსის 60-მდე წარმომადგენელი მსახურობს. ნაწილი მათგანი ინგლისურ ენას ასწავლის საჯარო სკოლებში, ნაწილი კი ბიზნეს-კონსულტაციას უწევს მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს. მოხალისეები, როგორც წესი, ორი წელი რჩებიან საქართველოში და საქმიანობის დაწყებამდე ათკვირიან მოსამზადებელ კურსს გადიან ქართულ კულტურასთან, ენასთან და ტრადიციებთან უკეთესად ადაპტაციის მიზნით.
ამერიკის ეკონომიკური მდგომაერობის გაუარებასთან ერთად გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მშვიდობის კორპუსს დაფინანსება მოაკლდეს. ამ ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ კონგრესს მიმდინარე წლის ბიუჯეტი ჯერაც არ დაუმტკიცებია.
ალექს გორდონი მშვიდობის კორპუსის მოხალისე 1990-ან წლებში იყო. ის თითქმის ორი წელი ცხოვრობდა პარაგვაის მთიან რეგიონში, სადაც სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ალექსი სტუმრებს სიამოვნებით ათვალიერებინებს იმ სუვენირებს, რომლებიც პარაგვაიში ცხოვრების დროს მოაგროვა.
„ისინი ჩემი ცხოვრების სასიამოვნო პერიოდს მაგონებს“
გორდონის თქმით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეობა გაცილებით მეტს ნიშნავს ვიდრე კარგი საქმის კეთებას.
„ეს საქმე თავდაჯერებულობას გმატებს და ხვდები, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეგძლია.“
თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ გორდონი კვლავ ჩაეწერა მოხალისეთა სიაში და ამჟამად ლიბერიაში აპირებს წასვლას.
პრეზიდენტმა კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს შექმნა. მოხალისეების პირველ ნაკადს მაშინ პრეზიდენტი თეთრი სახლის ეზოში შეხვდა და მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის რეპუტაცია იმ ქვეყნებში, სადაც მოხალისეები მიდიოდნენ, სწორედ მათზე იქნებოდა დამოკიდებული.
პრეზიდენტმა კენედიმ მაშინ თქვა:
„თუ შეძლებთ, რომ მსოფლიოში ყველა ერს თქვენი თავდადება, თავისუფლების სიყვარული და წინსვლაში დაინტერესება დაანახოთ, ყველას გაუზიაროთ როგორ ამაყობთ თქვენი ქვეყნით, მისი ტრადიციებითა და იდეალებით, რომლებზეც ის არის დაარსებული, თქვენი გავლენა ფართო-მასშტაბიანი იქნება.“
არონ ვილიამსი მშვიდობის კორპუსის ერთ-ერთი მოხალისე იყო. ახლა ის კორპუსის დირექტორია.
„სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების ერთ ეტაპზე რაღაცა შეხება ჰქონდათ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან და იმ დროიდან სიმპათიებით არიან მათ მიმართ გამსჭვალული. ეს ადამიანები დღეს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ან სხვადასხვა მსხვილი კორპორაციების პრეზიდენტები არიან.“
მშვიდობის კორპუსის მხარდამჭერები ამბობენ, რომ პროგრამა ამერიკის საგარეო პოლიტიკის გასატარებლად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერკეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი, თუ გავითვალისწინეთ იმას, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან შეიარაღებულ ძალებთან შედარებით, მშვიდობის კორპუსზე მინიმალური თანხა იხარჯება. პრეზიდენტმა ობამამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ მშვიდობის კორპუსს გააორმაგებდა. თუმცა პრეზიდენტმა დანაპირები არ შეასრულა. ამას საბიუჯეტო კრიზისის შეზღუდვებიც ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონგრესმა შესაძლოა მშვიდობის კორპუსს დაფინანსება შეუმციროს.
მიუხედავად სირთულეებისა მშვიდობის კორპუსში მოხალისეების განცხადებები არ მცირდება. სუფრია შაჰი ერთ-ერთი მათგანია. მისი თქმით, გარკვეულ ქვეყნებში რთულია ქალის მოხალისედ წასვლა, მაგრამ ეს სირთულე მას აზრს ვერ შეაცვლევინებს.
სუფრიას მეგობარი მეტ ფრანკოლინი გასულ ზაფხულს დასავლეთ აფრიკაში იყო ჩასული მოხალისედ, სადაც ორი თქვე ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის გარეშე ცხოვრობდა:
„ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ორი თვე იყო. დასაწყისში ვფიქრობდი, რომ გამიჭირდებოდა. არ მქონდა არც მობილური და არც კომპიუტერი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ცხოვრებაში უამრავი ძვირფასი და დასაფასებელი რამ გვაქვს, რომელიც ხშირად გვავიწყდება ხოლმე.“
მოხალისეების აზრით, მშვიდობის კორპუსი იმით განსხვავდება სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან, რომ მოხალისეები ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ. მოხალისეები ერთმანეთს იმაშიც ეთენხმებიან, რომ მშვიდობის კორპუსში საქმიანობა არა მხოლოდ მათ აძლევს საშუალებას დაეხმარონ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ თვითონაც უაღრესად დიდ ცოდნასა და ღირებულ კულტურულ გამოცდილებას იძენენ.