ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მართლმადიდებელმა ეკლესიებმა სააღდგომო მსახურებები, პანდემიის პირობებში შეზღუდვებით ჩაატარეს


მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს. კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ბევრი მორწმუნე აიძულა, ლიტურგიისთვის ტელევიზიის ან ინტერნეტის მეშვეობით ედევნებინა თვალი.

ეკლესიის მეთაურები რთული ამოცანის წინაშე იდგნენ, რათა მოეფიქრებინათ, ყველაზე დიდი მართლმადიდებლური დღესასწაული ისე ეზეიმათ, რომ კორონავირუსის გავრცელებაც თავიდან აერიდებინათ.

ზოგიერთმა ადგილობრივმა ეპარქიამ ჯანდაცვის მესვეურების და ეკლესიის მეთაურების მითითებები უგულებელყო და განაცხადა, რომ ხალხს ლიტურგიაზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას მისცემდა.

რუსეთში და უკრაინაში, სასულიერო პირებმა მსახურება 18 აპრილს ღამით დაიწყეს, რომელიც ტელევიზიით და ინტერნეტით გადაიცემოდა. უკრაინაში პოლიცია ეკლესიების მიმდებარედ იყო განლაგებული, რათა იქ მისული მლოცველები ტაძრებში დარჩენილიყვნენ, სოციალური დისტანცირება დაეცვათ და ხალხმრავალი შეკრებები არ დაეშვათ. ერთი გამონაკლისი იყო კიევის პეჩორსკის ლავრის მონასტერი, სადაც პოლიცია ტაძარში მლოცველების სათითაოდ შესვლას არეგულირებდა. 90-ზე მეტი ბერის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, მონასტერი კარანტინშია. სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა. მონასტერი რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დიდი ჯგუფებისთვის ტაძრების კარების ჩაკეტვის განკარგულება გასცა. პატრიარქმა კირილმა, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში სააღდგომო ქადაგებისას თქვა, რომ ქრისტიანები რთულ ვითარებაში სასოწარკვეთას არ უნდა მიეცნენ და პანიკას არ აყვნენ. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ადრე ღამის ლიტურგიას მუდმივად ესწრებოდა, წელს ტაძარში არ მისულა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა თქვა, რომ პუტინი ქალაქგარეთ, საპრეზიდენტო რეზიდენციაში დარჩა და სანთელი იქვე არსებულ სამლოცველოში დაანთო.

ბულგარეთში, მთავრობამ ხალხს მოუწოდა მსახურებას არ დასწრებოდა, მაგრამ ეს არც აუკრძალავს. ასობით ადამიანი ღია ცისქვეშ მსახურებას დაესწრო, მაგრამ ბევრმა ტელევიზიით ნახვა არჩია. პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა “ფეისბუქზე” დაწერა: “დღევანდელ ვითარებაში უკეთესები და უფრო მოკრძალებულები უნდა ვიყოთ. მოდით, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ რათა მომავალში ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებებით და ქმედებებით ვიამაყოთ.”

აღდგომის დღესასწაულის საკითხზე ყველაზე მწვავე დებატები საქართველოში შედგა, სადაც ეკლესიის მეთაურები და მთავრობა შეთანხმდნენ, მლოცველებისთვის ღამის ლიტურგიაზე დასწრების ნება მიეცათ. შეთანხმების მიხედვით, კომენდანტის საათის მიუხედავად, მლოცველებს ნება ჰქონდათ დიდ ტაძრებში ღამის ლიტურგიას დასწრებოდნენ, მაგრამ 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაეცვათ. მცირე ტაძრებში მისული მლოცველები კი ღია ცის ქვეშ უნდა გაჩერებულიყვნენ. ათობით ადამიანი მივიდა თბილისის მთავარ ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ ვირუსმა ბევრ ადამიანში შიში გამოიწვია.

Easter
Easter

წმინდა მიწაზე, მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილოს მესამემ, მაცხოვრის საფლავიდან გარდამოსული წმინდა ცეცხლი მხოლოდ ზარების რეკვის და რამდენიმე სასულიერო პირის თანხლებით გამოიტანა. პანდემიის გამო, მაცხოვრის საფლავის ტაძარი, მარტის ბოლოდან პილიგრიმებისთვის დაკეტილია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG