ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპატრიარქო აცხადებს, რომ საქართველოში დაწესებული შეზღუდვები გადაადგილეებაზე მათ არ შეეხებათ


საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მათთვის არ შეუთანხმებია გადაწვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

„აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“,- აცხადებს საპატრიარქო.

საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების გავრცელების შეჩერების მოტივით, გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დღეს შუადღის 12 საათიდან 21 აპრილამდე მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა აიკრძალა. საპატრიარქო აცხადებს, რომ შეზღუდვები არ შეეხებათ სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს. ამასთან, მოსახლეობას ეკრძალება სასაფლაოებზე გასვლა 17 აპრილიდან 10 დღის განმავლობაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს, რომ შეზღუდვების მიუხედავათ ის სააღდგომო წირვა-ლოცვას აღავლენს მრევლთან ერთად. უცვლელი რჩება ზიარების წესიც. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ამ საკითხზე მხარეებმა ერთობლივი გადაწვეტილება მიიღეს და შეთანხმდნენ, რომ სოციალური დისტანციის დაცვით მრევლს ლიტურგიაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემა.

„დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში კი იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ყველა ეკლესიასთან მობილიზებულები იქნებიან პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყონ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანცირების განუხრელ დაცვას“, - განაცხადა პრემირ მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მრევლს მოუწოდებენ არ მივიდნენ ეკლესიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჯანდაცვის სისტემა გამოწვევის წინაშე დადგეს.

„მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ, პაატა იმნაძემაც.

„უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ და პატივცემულ ინსტიტუციას ქვეყანაში და ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფოტო: ვანო შლამოვი/AFP
ფოტო: ვანო შლამოვი/AFP


პარალელურად სასულიერო პირების და თეოლოგთა ნაწილი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოვასის მსახურებისა, - ნათქვამია საერთო განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 სასულიერო პირი და 16 თეოლოგი აწერს.

მიუხედავად მოწოდებებისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ მრევლი კომენდანტის საათის დაცვით, საღამოს 9 საათამდე მივა ეკლესიაში და იქ დილის 6-მდე დარჩება. ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისი ცენტრში ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს, ქვემო ქართლის ეკლესიაში ერთ-ერთ სასულიერო პირს და წყნეთის ეკლესიის მრევლის წევრს.

საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაკეტილია ბიზნესების უმეტესობა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩაკეტილია ქალაქები. კომენდანტის საათის დროს აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 3000 ლარის ოდენობით ჯარიმდებიან. დაწესებული შეზღუდვები, ნიღბების ტარებასა თუ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, არ ვრცელდება მართლმადიდებელ ეკლესიაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი და გარდაიცვალა 3.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG