ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული რესტორანი "ბიზნეს ინსაიდერის" ფურცლებზე


" გინდათ შეიტყოთ სად მიირთვათ ნამდვილი ქართული კერძები ნიუ იორკში? ეწვიეთ ძველი თბილისის ბაღს"- წერს გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი".

ავტორიტეტული გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერის" რეიტინგში ათი რესტორნიდან ერთი ქართულია, რომელსაც საუკეთესო ხედი აქვს. ეს არის მანჰეტენზე, ბლექერის ქუჩაზე მდებარე "ოლდ თბილისი გარდენ" - "ძველი თბილისის ბაღი", რომელიც ძმებმა დავით და ვასილ ჩხეიძეებმა ერთი წლის წინ გახსნეს.

ერთი მექსიკური და ერთიც იტალიური რესტორანი, ორი ესპანური და შუაში ქართული "ძველი თბილისის ბაღი", ასე მიაგნებთ მანჰეტენის ბოჰემურ " ისტ ვილიჯში", ბლექერის ქუჩაზე რესტორანს საუკეთესო ხედით. ამერიკული გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" რომელსაც ნიუ იორკში მოღვაწე ბიზნესმენები მუდმივად კითხულობენ სულ რაღაც ერთი წლის წინ გახსნილ ქართულ რესტორანს მაღალ შეფასებას აძლევს: " გინდათ შეიტყოთ სად მიირთვათ ნამდვილი ქართული კერძები ნიუ იორკში? ეწვიეთ ძველი თბილისის ბაღს" - წერს გამოცემა.

ვასილ ჩხეიძე რესტორნის ერთ-ერთი მეპატრონეა, რომელიც კმაყოფილი ამბობს, რომ ალბათ გამოცემა მხოლოდ რესტორნის ხედით არ მოიხიბლა.

ვასილ ჩხეიძე: ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო. არც ველოდებოდით. ასეთ რაღაცას. საერთოდ ჟურნალისტები ისე მოდიან აქ, რომ ვერც ვიგებთ რომ ჟურნალისტი არის. პრინციპში ეგ არის ობიექტური ინფორმაცია, როდესაც წინასწარ არ არის შეთანხმებული. ძალიან გაგვეხარდა, "ბიზნეს ინსაიდერი " სერიოზული გამოცემაა. ეს ერთგვარ სტიმულს გვაძლევს.

ამ ადგილზე რესტორნის გახსნა თავადაც ერთი წლის წინ ხედის და რესტორნის ეზოში მდებარე წყაროს გამო გადაწყვიტეს. მანამდე აქ იტალიური რესტორანი იყო, რომელმაც ვერ იმუშავა. ქართული რესტორნის კლიენტები ძირითადად ამერიკელები არიან. ბევრი ისეთიც, რომელიც საქართველოში ნამყოფია და ქართული სამზარეულოს გემო იცის.

ვასილ ჩხეიძე: კარგად მიიღო მომხმარებელმა ქართული კერძები. ძალიან მოსწონთ ხაჭაპური, ცომეული, ხინკალი.

ნიუ იორკის ქალაქის კანონმდებლობით რესტორანმა სასმელით ვაჭრობის ნებართვა რომ მიიღოს, ძალიან გრძელი ბიუროკრატიული გზა უნდა გაიაროს. ამ საკითხის მოგვარებაში მათ ადვოკატი დაეხმარათ. ნებართვა სჭირდება ცოცხალ მუსიკასაც.

ვასილ ჩხეიძე: რესტორნის გარშემო არ უნდა იყოს ეკლესია ან სკოლა. ის ადამიანები, რომლებიც ლიცენზიას იღებენ, არ უნდა იყვნენ ნასამართლევი. ცოცხალი მუსიკის უფლება არ მოგვცეს, რადგან ღია სივრცეა, საცხოვრებელი უბანია და გარშემო შენობები. ალკოჰოლი, პლიუს მუსიკა უდრის ხმაურს. შეგვიძლია განაცხადი შევიტანოთ, მაგრამ ისედაც, არც ვიცით გვინდა თუ არა. ასე ხალხს ერთმანეთთან კომუნიკაციის უკეთესი საშუალება აქვს.

ვასილ ჩხეიძე ნიუ იორკში 1992 წელს ჩამოვიდა. 20 წლის სტუდენტმა არც ენა იცოდა და არც კონკრეტული გეგმები ჰქონდა.

ვასილ ჩხეიძე: ოჯახშიც მიმუშავია, მებაღედაც, რესტორანშიც, ძალიან ბევრი სამსახური მაქვს გამოცვლილი, არაფერი მეთაკილებოდა, რა თქმა უნდა, როცა პატიოსნად შოულობ ფულს და შენებს ეხმარები, მე მგონი ეს საამაყოა, პირიქით.

განათლების მისაღებად დრო არ ჰქონდა, თუმცა როდესაც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ბევრი გამოცდილი ფინანსიტი გაიცნო. ბიზნეს-განათლება ფინანსებზე და ბიზნესის საქმიანობაზე ლიტერატურის კითხვით მიიღო. უკვე ცხრა წელია უოლ სტრიტზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობს. ვასილ ჩხეიძე ამბობს, რომ ოცი წლის წინ მხოლოდ ერთი წლით ჩამოვიდა, თუმცა ეს ერთი წელი
შემდეგ ოცი წლით გაიწელა.

ვასილ ჩხეიძე: ამ ბოლო დროს უფრო ვფიქრობ რომ როდემდე? ჩვენ ხომ ქართველები ვართ და ქართველი ბოლოს მაინც უბრუნდება თავის ქვეყანას. და მე ვისურვებდი რომ ასე ყოფილიყოს!

XS
SM
MD
LG