კემბრიჯის კონფერენციამ ნავთობის მოპოვება-რეალიზაციის პროცესში ჩართულ თითქმის ყველა სახის ექსპერტს მოუყარა თავი. ნავთობმწარმოებლები, მეცნიერები თუ რეალიზატორები მსოფლიოს ყველა კუთხიდან დღეს ჰიუსტონში საწვავზე კატასტროფულად მზარდ ფასებს და ნავთობის მარაგის შევსება-განახლების პრობლემებს განიხილავენ.
კონფერენცია დიდ ადგილს დაუთმობს გარემოს დაცვის პრობლემებსაც. დეტალურად განიხილება შარშან მექსიკის ყურეში „ბრითიშ პეტროლიუმის“ ბაზაზე მომხდარი გაჟონვის შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ მაშინ თითქმის ხუთ მილიონი ბარელი დაუმუშავებელი საწვავი ჩაიღვარა წყალში.
აღნიშნული ექსცესის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებრივ თავშეყრაზე პირველად გამოჩნდა „ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელი დირექტორი - რობერტ დადლი. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ლონდონურმა კომპანიამ რისკის მენეჯმენტი კარგად შეისწავლა და მომავალში მსგავსი შემთხვევები წესით აღარ უნდა განმეორდეს.
“მართალია ალბათობა მინიმალურია, მაგრამ ჩვენ მაინც გადავხედეთ კომპანიის ყოფილ დამოკიდებულებას რისკფაქტორებთან, რომელთაც უდიდესი ზიანი შეიძლება მოგვაყენონ. კომპანიამ უკვე შეცვალა აზროვნების და ქმედების სტილი“.
ბატონი დადლის განცხადებით, „ბრითიშ პეტროლიუმმა“ მასშტაბური პრევენციული ზომები მიიღო, რათა მომავალში აღკვეთილ იქნას ნებისმიერი სახის გაჟონვა, ოკეანეში იქნება ეს, ხმელეთზე, თუ დედამიწის ნებისმიერ ადგილას. „აღარასოდოს დავიწყებთ ახალ გათხრებს, მანამ სანამ მისი სწორად მოვლის გარანტიები არ გვექნება. დღეს ჩვენ ადგილზე გვაქვს უახლოესი ტექნოლოგია, კვალიფიციური მომსახურება და მსგავს ექსცესებზე რეაგირების ორგანიზებული გეგმა“ - ამბობს ის.
რობერტ დადლის თქმით, „ბრითიშ პეტროლიუმი“ ახალ, კიდევ უფრო მაღალი რისკის შემცველ პროექტებზეც მუშაობს. ამჟამად ისინი რუსულ კომპანიებთან ერთად არქტიკაში გათხრების დაწყებას გეგმავენ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საწვავზე მოთხოვნა შემდეგ ოც წელიწადში საშუალოდ 40 პროცენტით გაიზრდება და ლონდონური კომპანია ყველანაირად ეცდება ის შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს.
დღესდღეობით ნავთობის ფასი ერთ ბარელზე ას დოლარს აჭარბებს. არეულობა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას მოასწავებს. ნავთობის მსოფლიო მარაგის 40 პროცენტი ხომ სწორედ ამ რეგიონიდან მოდის.
კონფერენციას ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მათი პროგნოზით, არეულობა უახლოეს მომავალში არათუ არ განელდება, არამედ არსებობს მისი კიდევ უფრო ფართო გეოგრაფიულ რადიუსზე გავრცელების საშიშროებაც.
დანიელ იერგინი, საერთაშორისო ენერგიის მართვის ცენტრიდან ამბობს, რომ მათ 70--იანი წლებიდან მოყოლებული გამზადებული აქვთ გადაუდებელი ზომების გეგმა, თუკი მსოფლიო საწვავის მარაგი კატასტროფულად შემცირდება.
ჯერჯერობით საწვავის მსოფლიო მარაგის შემცირების საშიშროება არ არსებობს. მაგრამ კონფერენცია საჭიროების შემთხვევისთვის ამ გეგმების მიზანშეწონილობასაც გადახედავს.
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა სწრაფადაც რომ დამყარდეს, ნავთობზე მოთხოვნა ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მაინც იზრდება. ასე რომ დამატებითი წნეხი ნავთობმომპოვებელ კომპანიებზე მაინც იარსებებს და ნებისმიერ შემთხვევაში მათ საწვავის წარმოება უნდა გაზარდონ.