დღეს პრეზიდენტი ბარაკ ობამა იარაღთან დაკავშირებული ძალადობის აღსაკვეთად ადმინისტრაციის გეგმას წარადგენს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კენტ კლეინი იტყობინება, გეგმის ზოგიერთ პუნქტს რესპუბლიკელებისგან შესაძლოა ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდეს.
დებატები საკითხზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეს კონექტიკუტის შტატის ერთერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 20 ბავშვი იყო. გეგმის წარდგენის დროს პრეზიდენტის გვერდით ის ბავშვები იდგებიან, ვინც ბარაკ ობამას საკითხთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება წერილობით აცნობეს. პრეზიდენტ ობამას გეგმა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის რეკომენდაციებს ეფუძნება, რომელმაც საკითხის შესასწავლად სხვადასხვა ჯგუფებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა. თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯეი კარნის გეგმის ზოგიერთ კომპონენტს კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდება.
„აქ არის სპეციფიური საკანონმდებლო ქმედებები, რომლის გამოც პრეზიდენტი კონგრესს მიმართავს. მათ შორის არის შემტევი ირაღის აკრძალვა, რომელიც მრავალტყვიიანი მჭიდების აკრძალვასაც მოიცავს,“ განაცხადა ჯეი კარნიმ.
თუმცა, ზოგიერთი ამ ღონისძიების განხორციელება შესაძლოა გართულდეს, კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გათვალისწინებით. როგორც იარაღის ეროვნული ასოციაცია აცხადებს, ისინი იარაღთან დაკავშირებულ ნებისმიერ აკრძალვას გააპროტესტებენ. როგირც ჯეი კარნი ამბობს, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ გეგმით გათვალისწინებული აკრძალვები იარაღთან დაკავშირებულ ძალადობას აღმოფხვრის, თუმცა, პრობლემის შემცირება აუცილებლად მოხდება.
„ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში იარაღთან დაკავშირებულ ძალადობას ერთი ბავშვიც კი აღარ შეეწიროს. მას სჯერა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია ორპარტიული თანამშრომლობით, რის შედეგადაც შესაძლოა იარაღთან დაკავშირებული ძალადობის შემცირება,“ - ამბიბს ჯეი კარნი.
გეგმის ზოგიერთი პუნქტის განსახორციელებლად პრეზიდენტმა შესაძლოა თავისი აღმასრულებელი ბრძანებები გამოიყენო. როგორც დემოკრატი კონგრესმენები აცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რეკომენდაციებში 19 ისეთი პუნქტი შეიტანა, რომლის გატარებისთვისაც პრეზიდენტს საკანონმდებლო მხარდაჭერა არ სჭირდება. ერთერთი ასეთი ღონისძიება იქნება მკაცრი ჯარიმების დაწესება იმ იარაღის მყიდველებისთვის, რომელიც საკუთარ კრიმინალურ წარსულს დამალავს. ასევე სისისხლის სამართლით დაისჯება იარაღის ტრეფიკინგიც.
როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტ ობამას გეგმა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ვიდეოთამაშებში ძალადობის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის გეგმას საკანონმდებლო დონეზე მძაფრი დებატები ელის, ამერიკელები აღნიშნულ პრობლემაზე ვაშინგტონისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვენ.