ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეთ და მთავრობებმა თავი უნდა შეიკავონ საპროტესტო დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.
პრეზიდენტმა ყურადღება განსაკუთრებით ირანზე გაამახვილა, სადაც ორშაბათს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია მთავრობამ ძალის გამოყენებით დაარბია. ობამას თქმით:
„მე ირონიულად მიმაჩნია ის, რომ ირანის რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ მიესალმება იმას რაც ეგვიპტეში მოხდა, სინამდვილეში საწინააღმდეგოდ იქცევა. მათ მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ხალხს პოზიციის მშვიდობიანი გზით გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.“
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება ტერორიზმის ან უდანაშაულო ადამიანების დახოცვის შედეგად არ იცვლება. ნამდვილი ცვლილებები მაშინ ხდება, როცა საზოგადოება მორალური მოტივაციით ერთიანდება.
ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა არც ერთ ქვეყანას არაფერს კარნახობს, თუმცა მორალური თანადგომის გაწევა ყველასთვის შეუძლია.