ხუთშაბათს, ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის სპიკერმა კარლ ჰისტიმ განაცხადა, რომ ასამბლეის იურიდიულ კომიტეტს “საიმპიჩმენტო გამოძიების” ნებართვა მისცა. გამოძიება შეეხება ექვსი ქალის მიერ გუბერნატორ კუომოს წინააღმდეგ წამოყენებულ, სექსუალური ხასიათის გადაცდომებში ბრალდებებს.
ჰისტიმ თქვა, რომ კომიტეტის გამოძიება, რომელიც შესაძლოა შტატის მთავარი პროკურორის მიერ წარმოებული გამოძიების პარალელურად წარიმართოს, უფლებამოსილი იქნება დაკითხოს მოწმეები, მოითხოვოს დოკუმენტების სავალდებულო წესით წარმოდგენა და შეაფასოს მტკიცებულებები.
განცხადებაში ჰისტიმ თქვა: “გუბერნატორის მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ ცნობები სერიოზულია.”
63 წლის კუომომ ქალების, რომელთა უმრავლესობა მისი ყოფილი თანაშემწეა, ყველა ბრალდება უარყო. ყველაზე ბოლო ბრალდება წამოაყენა ქალმა, რომლის ვინაობა არ დასახელებულა. სამშაბათს მან გაზეთ “თაიმს იუნიონს” უთხრა, რომ გასულ წელს, კუომომ ის სამსახურის შენობაში საქმიანი შეხვედრის მიზეზით დაიბარა და ხელით შეეხო. კუომომ შეხების ბრალდება უარყო. სააგენტო “როიტერმა” კუომოს ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა, თუმცა მისი წარმომადგენლები ამ თხოვნას მაშინვე არ გამოეპასუხნენ.
“როიტერმა” ამ ქალის ვინაობის ან მისი მონაყოლის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
გასულ კვირაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუბერნატორმა ზოგადი ბოდიში მოიხადა ნებისმიერი საქციელისთვის, რამაც ქალებს უხერხულობა შეუქმნა, მაგრამ ირწმუნებოდა, რომ შეუსაბამოდ არავის შეხებია.
ნიუ-იორკის პოლიტიკოსების, მათ შორის კუომოს თანაპარტიელი დემოკრატების სია, რომლებიც გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდებენ, სულ უფრო იზრდებოდა. ხუთშაბათს მათ ქალაქ ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო დაემატა, რომელმაც თქვა: “გუბერნატორის მოვალეობის შესრულება მას უბრალოდ აღარ შეუძლია.”
კუომომ თქვა, რომ არ გადადგება და საზოგადოებას სთხოვა, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.
Facebook Forum