16 დეკემბერს ნორვეგიამ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $242 მილიონს გამოყოფს. ახალი დახმარების ნაწილი შავი ზღვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პორტებზე წვდომის უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის მოსახლეობისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის დაცვა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თავდასხმებისგან“, - თქვა განცხადებაში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ. მისივე განცხადებით, „ასევე მნიშვნელოვანია მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ზღვით ექსპორტის დაცვა, რაც უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შემოსავლის წყაროა".
დახმარება ასევე მოიცავს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის დაფინანსებასა და მათ მომზადებას განაღმვითი სამუშაოებისა და ოპერაციებისთვის. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაზე ნაღმები "საგულისხმო საფრთხეს" ქმნის და სანაპირო ზოლის მახლობლად, ეს დახმარება უკრაინის ძალებს მათ აღმოჩენასა და განეიტრალებაში დაეხმარება.
ვითარება უკრაინაში
უკრაინამ ბოლო ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 49 დრონიდან 27 ჩამოაგდო. განცხადება უკრაინის თავდაცვამ 16 დეკემბერს გაავრცელა.
უკრაინის ძალები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო დრონების სამიზნე ჩერკასის, ჩერნიჰივის, დნიპროპეტროვსკისა და სუმის რაიონები იყო.
ჩერკასის გუბერნატორმა იჰორ ტაბურეცმა აღნიშნა, რომ დრონების განეიტრალებისას, ნარჩენებმა ელექტროსადენები დააზიანა. თუმცა, თავდასხმას მათთან მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დრონებით განხორციელებულ იერიშზე განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. მათი თქმით, კურსკის ოლქში მათ უკრაინის მხრიდან გაშვებული სამი დრონი მოიგერიეს.
Facebook Forum