ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში წევრობა კვლავ დისკუსიის საგანია


ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარკებების პროცესში ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვენიის მხარდაჭერა აქვს. თუმცა, მანამდე ბულგარეთმა განაცხადა, რომ ის აპირებს ბალკანური სახელმწიფოს მისწრაფებების დაბლოკვა განაგრძოს და კვლავ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და მისი მეზობელი ალბანეთის წევრობას ამ სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ცალკეულმა ორმხრივმა საკითხებმა რეგიონში ბლოკის გაფართოების პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. ისინი ალბანეთშიც ჩავიდნენ.


მაგრამ, რამდენიმე დღის წინვე ბულგარეთმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს მოლაპარაკებების პროცესს გზა გაუხსნას და ჩრდილოეთ მაკედონიის წევრობის საკითხს ვეტო მოხსნას. პრობლემა ამ შემთხვევაში, მეზობლებს შორის ენასთან და ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებული დავაა.

ბულგარეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა. ქვეყნის ხელისუფლებას სურს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ აღიაროს, რომ ქვეყნის იდენტობასაც და ენასაც ბულგარული წარმოშობა აქვს. ოფიციალური სოფია ამტკიცებს, რომ მაკედონური ენა ბულგარულის რეგიონული დიალექტია. სკოპიე კი აცხადებს, რომ ენა სამხრეთ სლავური ენებისგანაა წარმოშობილი და ის განსაზღვრავს ქვეყნის კულტურულ და ეროვნულ იდენტობას.

ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ბლოკის ყველა წევრმა ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG