ლონდონში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საელჩო გაიხსნა. ოფიციალურმა გახსნამ სპეციალური ცერემონიის გარეშე ჩაიარა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც საელჩოს გახსნის ცერემონიას უნდა დასწრებოდა, ლონდონში ვიზიტი გააუქმა. საელჩოსთვის ახალი შენობის ყიდვის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მის „ლენტს არ გაჭრიდა“, რადგან ის ზედმეტად ძვირი დაჯდა და ლონდონის გარეუბანში მდებარეობს.
საელჩო ყოფილ ინდუსტრიულ რაიონში - „ნაინ ელმსის“ უბანში გაიხსნა, ლონდონის სამხრეთ ნაწილში. ათწლეულების განმავლობაში ამერიკის საელჩო „გროსვენორის მოედანზე“ მდებარეობდა. შენობა ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა შეიძინა და ის მალე ძვირადღირებულ სასტუმროდ გადაკეთდება.
ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძველ შენობაში უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობამდე მიყვანას ასობით მილიონი დოლარი დასჭირდებოდა. ამის მიუხედავად, ახალი შენობის ყიდვა პრეზიდენტს „ცუდ ინვესტიციად“ მიაჩნია.
„მიზეზი თუ რატომ გავაუქმე ჩემი ვიზიტი ლონდონში, არის ის, რომ მე არ მომწონს ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მშვენიერ ადგილას მდებარე საელჩო ლონდონში „თხილის ფასად“ გაიყიდა. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ აშენებულიყო ახალი საელჩო გარეუბანში, რაზეც მილიარდ 200 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს ცუდი გარიგება იყო. უნდოდათ, რომ ლენტი გამეჭრა? - არა!“ - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".
ამ „ცუდი გადაწყვეტილების“ მიღებაში პრეზიდენტი ტრამპი თავის წინამორბედს ადანაშაულებს. თუმცა პროექტის შესახებ ცნობილი 2008 წლის ოქტომბერში გახდა, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას, სანამ ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტს დაიკავებდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ახალი საელჩოსთვის საჭირო თანხა - 1 მილიარდი დოლარი - ლონდონში შტატების მთავრობის კუთვნილი სხვა უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული თანხით იყო გადახდილი.
საელჩოს ახალ შენობას გამორჩეული - კუბის ფორმა აქვს. ის ძველ შენობასთან შედარებით დაახლოებით ორჯერ დიდია და ნამდვილად არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საელჩოსთვის აშენებული ყველაზე ძვირადღირებული ნაგებობა.
რობერტ ჯონსონმა, ბრიტანეთში ახალმა ელჩმა, გასულ თვეში ჟურნალისტებისთვის მოწყობილი ტურისას განაცხადა, რომ ახალი შენობა ენერგო-ეფექტურია და ის, რომ მას შემომზღუდავი ღობე არ აქვს, არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოება საკამრისად დაცული არ არის. მისი თქმით, ეს ამავე დროს კეთილმოსურნეობის ნიშანიცაა.
Facebook Forum