ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა სამშაბათს თქვა, რომ გამოწვევების მასშტაბს ის არ უფრთხის. რიში სუნაკი პირობას დებს, რომ ბევრი პრობლემის მოგვარებას შეძლებს, აღადგენს ნდობას მთავრობისადმი და გაუძღვება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზაზე. სუნაკი ბოლო 2 თვეში გაერთიანებული სამეფოს უკვე მესამე პრემიერია.
ბრიტანეთის ისტორიაში სუნაკი ყველაზე ახალგაზრდა, 42 წლის პრემიერ-მინისტრია, ასევე - პირველი ინდური წარმოშობის და ინდუისტი ლიდერი. საინვესტიციო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს პოლიტიკაში მხოლოდ 7-წლიანი გამოცდილება აქვს. მას სამართავად უკიდურესად დაპირისპირებული მთავრობა ხვდება, რაც ინვესტორებსა და საერთაშორისო მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს.
პრემიერის პოსტზე ქვეყნისადმი პირველ მიმართვაში სუნაკმა თქვა, რომ მას კარგად აქვს გააზრებული არსებული პრობლემების სირთულე, მაგრამ ეს ყოველივე მას არ აშინებს. "ვიცი, რა არის უმაღლესი პოსტი, ვაცნობიერებ ამას და იმედი მაქვს, მოთხოვნებს გავუმკლავდები" - განაცხადა 25 ოქტომბერს ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა.
სუნაკს, აქამდე პარლამენტის ყველაზე მდიდარ წევრს, პირველ რიგში მოუწევს საჯარო დაფინანსებაში 40 მილიარდი ფუნტის ოდენობის დეფიციტის პრობლემის მოგვარება. დეფიციტი ეკონომიკური პრობლემებით, კრედიტზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით და ენერგიაზე მზარდი ფასების დასაძლევად შექმნილი 6-თვიანი სამთავრობო პროგრამით არის გამოწვეული.
პრემიერის განცხადებით, ის ხალხის მოთხოვნებს შიდა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა დააყენებს. კონსერვატორული პარტიის პოპულარობის ვარდნის ფონზე, სუნაკს არჩევნების ჩატარების მოთხოვნებთანაც მოუწევს გამკლავება.
"მე ეკონომიკურ სტაბილურობას და [მოქალაქეთა] ნდობის განმტკიცებას ამ მთავრობის ამოცანების ცენტრში დავაყენებ... ეს კი რთული გადაწყვეტილებების მომასწავებელია" - ამბობს სუნაკი, რომელიც სამშაბათიდან ბრიტანეთის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს იწყებს. ის კოლეგებს აფრთხილებს, რომ "ეგზისტენციალური კრიზისის" წინაშე აღმოჩნდებიან, თუკი მას ქვეყნის ინფლაციისგან და ენერგიის წყაროებზე რეკორდული ფასებისგან თავის დაღწევის გზაზე არ დაეხმარებიან.
Facebook Forum