ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვუდვორდი წერს, რომ კოვიდის დროს, ტრამპმა პუტინს კოვიდ ტესტები ჩუმად, მაშინ გაუგზავნა, როდესაც ქვეყანაში ტესტების სიმცირე იყო


გამომძიებელი ჟურნალისტის, ცნობილი ვოტერგეიტის გამომძიებლის თანაავტორის, ბობ ვუდვორდის ახალ წიგნში წერია, რომ კოვიდ პანდემიის დროს, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა და დღევანდელმა რეპსუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კოვიდ ტესტები გაუგზავნა. ეს კი მაშინ გააკეთა, როდესაც თავად ამერიკაში იყო კოვიდ ტესტების სიმცირე. ამავე წიგნში წერია, რომ საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შემდეგ, ტრამპი პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა.

წიგნში, სახელწოდებით "ომი" [War] საუბარია ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებაც. ვუდვორდი საუბრობს იმაზე, როგორ ვერ შეძლო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში ომის თავიდან აცილება და როგორ დაეძაბა ურთიერთობა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობისას.

წიგნიდან ამონარიდები "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა, სადაც ვუდვორდი ასოცირებულ რედაქტორად მუშაობს. ამონარიდებში საუბარია იმაზე, რომ ტრამპმა შეინარჩუნა პუტინთან ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ ის მეორედ იყრის კენჭს ამერიკის პრეზიდენტობაზე, ხოლო პუტინს უკრაინაში, ამერიკის მოკავშირესთან, ომი აქვს გაჩაღებული.

წიგნის მიხედვით, 2020 წელს, როდესაც მსოფლიო კოვიდ პანდემიას ებრძოდა, ტრამპმა პუტინს კოვიდ ტესტების შეკვრა გაუგზავნა. პუტინმა საჩუქარი მიიღო, თუმცა, პოლიტიკური სკანდალისგან თავის ასარიდებლად, ტრამპს თხოვა არავისთვის ეთქვა, რომ ტესტები მოსკოვში გააგზავნა. ვუდვორდის მიხედვით, პუტინმა ტრამპს უთხრა: "არ მინდა, რომ ვინმეს რამე უთხრა, რადგან ხალხი შენზე გაბრაზდება და არა ჩემზე".

ტრამპის ერთ-ერთ თანაშემწეზე დაყრდნობით, ვუდვორდი ასევე წერს, რომ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატსა და რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს შორის, 2021 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოვალური ოფისი დატოვა, დაახლოებით, 7-ჯერ შედგა კომუნიკაცია.

ვუდვორდის ახალი წიგნი "ომი" 15 ოქტომბერს, ამერიკის უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG