"რადიო თავისუფლება," ავტორი თამარ ზანთარაია
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება. ტერიტორიაზე, სადაც ახალი მავთულხლართები დაამონტაჟეს, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მდებარეობს.
სოფელ ფახულანის მცხოვრებთა ინფორმაციით, „საზღვრის“ ამ მონაკვეთის ფარულად გადაკვეთა, თავის დროზე, შედარებით იოლად შეეძლოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების ერთ რიგს მეორე დაამატეს.
„მანამდე ახლოს მისვლა შეიძლებოდა. ახლა გამოდის ორმაგი მავთულხლართი. გაავლეს პატარა მონაკვეთზე, შეიძლება იყოს 50-70 მეტრი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას წალენჯიხის მერის წარმომადგენელმა ფახულანში, ჯონი გოგოხიამ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 26 და 27 დეკემბერს მიმდინარეობდა. სუს-ის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმმა ახალი მავთულხლართების გარდა, სხვა კონსტრუქციებიც დაამონტაჟა. თბილისში ეს ფაქტი ისევ შეფასდა დესტრუქციულ ნაბიჯად, რომელიც მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას უფრო მეტ პრობლემას უქმნის და აუარესებს უსაფრთხოების გარემოს. ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები, - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.
სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონებს შორის მდებარე საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა მიმოსვლა უკვე 10 თვეა აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის მოტივით, 14 მარტს ჩაკეტა როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან არსებული ფახულანი-საბერიოს პუნქტი. დე ფაქტო მთავრობა გამონაკლისს უშვებს მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, რომლებიც სასწრაფო დახმარების ავტომანქანას აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მიჰყავს. „მიმოსვლა შეწყვეტილია, მაგრამ თუ გადაუდებელი აუცილებლობაა, ატარებენ“, - გვეუბნება ჯონი გოგოხია.
ფახულანი-საბერიოს საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართები უკვე წლებია არსებობს, თუმცა, მეორე, პარალელური ხაზის გავლება ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში დაიწყეს. მაშინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე ხის ბოძები მიიტანეს და ტერიტორია მონიშნეს.
მაისში მავთულხლართების განახლების პროცესი მიმდინარეობდა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევშიც, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას ესაზღვრება. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ნაბაკევში ძველი, დაზიანებული ბოძები და მავთულხლართები ახლით შეცვალეს და მეორე ხაზი იქაც გაავლეს. ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნი „საზღვარს“ მალულად აქაც კვეთდნენ.
ხურჩის მცხოვრები არველოდი შონია გვეუბნება, რომ ნაბაკევში, საბერიოსგან განსხვავებით, დამატებითი კონსტრუქციების აღმართვა არ მიმდინარეობს, რადგან სოფლებს შორის მავთულხლართები უკვე იმდენად მჭიდროდაა გაბმული, რომ როგორც ჩანს, დამატებით გამაგრება აღარ დასჭირდათ: „მანამდე აქ მავთულის ერთი ხაზი იყო, მერე მეორე გააკეთეს... შუაში კიდევ მავთულხლართები გაუკეთეს და ვერავინ ვერ გადმოვა“.
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის.
Facebook Forum