ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს,"- თურქეთის ელჩი თბილისში 


აფხაზეთში მოქმედი საბანკო ბარათების საკითხზე რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მომსახურებას თურქული კომპანიები უწევენ, თბილისში თურქეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს კატეგორიულად უარყო ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

"ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს,"- ამბობს თურქეთის ელჩი საქართველოში.

ინფორმაცია, რომ აფხაზეთში მოქმედი საბანკო ბარათების მომსახურებას თურქული კომპანიები უზრუნველყოფდნენ თავდაპირველად "BMG"-იმ გაავრცელა. ინფორმაციის წყარო კი აფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდია. საიტზე წერია, რომ აფხაზური პლასტიკური ბარათების მომსახურების არეალი იზრდება.

"ორმა თურქულმა ბანკმა IS BANK-მა და ZIRAAT ბანკმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს", - ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საბანკო ბარათი "აფრა" რუსული საგადასახადო ბარათია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი სხვა სახელით იყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG