ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გალში მოლაპარაკება გაიმართა


დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის მიმართულებით ოთხი გამშვები პუნქტი დაიხურა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი იყო, ეგრეთ წოდებული, საზღვრის გადაკვეთის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, გამშვები პუნქტების დაკეტვისა და სხვა თემებზე. სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე, რომელიც IPRM–ის შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს: „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რამაც შესაძლოა, პოტენციურად, საფრთხე შეუქმნას მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ცალკე საკითხად განვიხილეთ 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ამ მხრივ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მოხდეს მკვლელობაში ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი–ოღლის დაკავება. ჩვენი ყურადღება დღეს გამახვილდა ასევე ზაზა წულუკიას საკითხთან დაკავშირებით. დე–ფაქტო სოხუმის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ეს პიროვნება არის გარდაცვლილი. მიზეზად კი დასახელდა თვითმკვლელობა. მისი ცხედარი დაკრძალულია სოხუმის ტერიტორიაზე. ჩვენი მხრიდან საკითხი განხილული იქნა იმ კონტექსტში, რომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ცხედრის გამოდმოსვენება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ მხრივ არსებობს კონსენსუსი. მექნიზმი მარტივია. შესაძლებელია, ოჯახის ჩართულობით,ეს პროცესი განხორციელდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ასევე ვისაუბრეთ, ზოგადად, საოკუპაციო ზოლზე თავისუფალი გადაადგილების შეფერხების საკითხზე, კვლავაც შევეხეთ ადგილზე არსებულ პრობლემებს, რაც უკავშირდება მცირეწლოვანი მოსწავლეების თავისუფალ გადაადგილებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის შეთანხმებები, რაც არსებობდა და დაფიქსირდა წინა შეხვედრებზე, იქნება დაცული სამომავლოდ. მუშაობა ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდება.“

"ამერიკის ხმა" ზუგდიდში დაფუძნებულ ორგანიზაცია „იმედის“ წარმომადგენელს ქრისტინა კილანავას ესაუბრა. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების დიდი მოლოდინია და ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს ამ ამბავს. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის ტერიტორიაზე ქორწილზე ცეკვის კადრები გავრცელდა. რთულია ითქვას, კონკრეტულად როდინდელი ფაქტია კადრებში დაფიქსირებული, თუმცა ის, ცალსახად გამაღიზიანებლად მოქმედებს გარდაცვლილის ოჯახსა და ადგილობრივებზე. ქრისკინა კილანავა ამბობს: „ეს ხომ საშინელება იყო. ოთხოზორიას მკვლელი რომ ასე თავისუფლად დადის, ეს ხომ არაა სასიამოვნო. ის ხომ უნდა დაისაჯოს. სიკვდილით დასჯაზე არაა საუბარი, უბრალოდ უნდა დაისაჯოს ამ დანაშაულის გამო.“

ჩვენთან საუბრისას „იმედის“ წარმომადგენელი აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვის თაობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გალის სოფლების მოსახლეობისთვის მდგომარეობა გართულდა, რადგან მათ ამ დრომდე თუ ქართული საბუთებით შეეძლოთ, ეგრეთ წოდებული, საზღვრის გადაკვეთა, ახლა ეს შეუძლებელია. ერთადერთი გადასასვლელი ახლა ენგურის ხიდზე ფუნქციონირებს და მისი გადაკვეთა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ხელთ გაქვს აფხაზური ან რუსული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გალის სოფლების მოსახლეობა კი ასეთ დოკუმენტაციას არ ფლობს, ისინი აქამდე ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით სარგებლობენდნ. „ძალიან ცუდი ფაქტია საზღვრის ჩაკეტვა, ამან ძალიან დააზარალა მოსახლეობა. სოფლებიდან ბევრი გადადიოდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. ფინანსური თვალსაზრისით, დროის თვალსაზრისით, პრობლემაა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საკითხზე შეხვედრა გამართა და იქ გამოითქვა მოსაზრება, იქნებ გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შემდომო, მაგრამ, მე ამის იმედი არ მაქვს, არამგონია გადაისინჯოს. ისინი ერთხელ რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ცვლიან შემდგომში. ჩვენ გვყავს ბენეფიციარები, ვინც კვეთდა საზღვარს და ვიცით, რა სერიოზული პრობლემებიც შეექმნათ ახლა. იცით, რა მიზეზია კიდევ? დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში ძალიან ბევრს, რასაც მესაზღვრეები ითხოვენ. ენგურის ხიდი რომ გადალახო, გამართული დოკუმენტაციაა საჭირო, აფხაზური, რაც გალის სოფლების მაცხოვრებლებს არ აქვთ.“

ამერიკის ხმას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რაშიდ ჯანჯი–ოღლიზე ძიება წითელი ცირკულარით დაიწყო ინტერპოლმა. ჩვენს კითხვაზე იმის შესახებ,ძებნილი თუ დე–ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება და მისი კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, აქვს თუ არა რუსეთს მისი დაკავების ვალდებულება, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სწორედ რუსეთი ახორციელებს ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე და, ამდენად ის არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადენილი კანონდარღვევების თაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ეს უკვე დეტალებია, რაზეც პასუხებს ვერ გაგვცემენ.

XS
SM
MD
LG