ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში დააკავება ემუქრება


კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ძებნილთა სიაშია და ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას 3.5 წლით პატიმრობა ემუქრება, აცხადებს მისი ადვოკატი.

ნავალნიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას კვირას გეგმავს. ამ დრომდე ნავალნი გერმანიაში იმყოფებოდა სამკურნალოდ, მას შემდეგ რაც ის გასული წლის აგვისტოში, ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში დაკავების რისკის მიუხედავად, დაბრუნებას გეგმავს. ის საკუთარ მოწამვლაში კრემლს ადანაშაულებს.

კრემლი უარყოფს ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობას.

ნავალნის წინააღმდეგ რუსეთში მინიმუმ ორი საქმეა აღძრული, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.

ნავალნის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა განაცხადა, რომ ნავალნის პენიტენციური სისტემა, პირობითი სასჯელის მოხდის კვალდაკვალ, გასულ წელს საპატიმროში არგამოცხადებას ედავება. საქმე, რომელზეც ნავალნის პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ქონების გაფლანგვას უკავშირდება.

ნავალნი ამბობს, რომ საქმე მის წინააღმდეგ შეთხზულია და რომ ის გერმანიაში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, ამიტომ პენიტენციურ სისტემაში ვერ გამოცხადდებოდა. თუმცა, ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის ბერლინში საავადმყოფოდან სექტემბერში გაწერეს და მას შეეძლო მოსკოვში დაბრუნება და გამოცხადება.

„თეორიულად მისი დაკავება, ჩასვლისთანავე შეუძლიათ, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ 48 საათით“ - განაცხადა კობზევმა სააგენტო „როიტერთან“ საუბარში. მისი თქმით, ის 29 იანვარს პროცესის ჩანიშვნას ელოდება, რის შემდეგაც უკვე სასამართლოს შეეძლება მას დარჩენილ დროზე პირობითი სასჯელი შეუცვალოს.

„სასამართლომ შეიძლება მისი შემსუბუქებული განაჩენი, რეალურად აქციოს და 3.5 წელი ციხე მიუსაჯოს“, - ამბობს კობზევი.

ლეონიდ ვოლკოვი, ნავალნის მოკავშირე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ნავალნი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროფილის პოლიტიკური პატიმარი გახდება და შესაძლოა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცეს.

კრემლი, რომელიც ნავალნის მოიხსენიებს, როგორც „პაციენტი გერმანიაში“ ამბობს, რომ საკითხს შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები განიხილავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG