დღეს საღამოს ბათუმში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე ზღვის ნაღმი აფეთქდა. ბათუმელები ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა, დაახლოებით, 18 საათისთვის გაიგეს, მოგვიანებით კი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც სანაპიროზე მომხდარი აფეთქება ჩანს.
სავარაუდოდ კადრებში ჩანს ზღვის ნაღმი, რომელიც ხმელეთთან შეჯახების შემდეგ აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან განმნაღმელებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება", - წერია საქართველოს შსს-ის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
როგორ გამოიყურება საზღვაო ნაღმის აფეთქება? გთავაზობთ ამერიკის საზღვაო ძალების ვიდეოს.
გასული თვეების განმავლობაში შავ ზღვაში არაერთი საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს. მათგან 7-ის განეიტრალება ნატომ მოახერხა. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა საზღვაო ნაღმების რაოდენობის ზრდა შავ ზღვაში, უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდებოდეს.
Facebook Forum