“ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც მოსალოდნელი იყო უპრობლემო გამარჯვება მოიპოვა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელმაც თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გამოავლინა.
მმართველი პარტიის კანდიდატი ამ არჩევნებზე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი იყო, რომელსაც წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა დაახლოებით, 85 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
მეორე ადგილზე გასულ „ქრისტიან დემოკრატ“ ნიკოლოზ ლაშხს დავითაშვილმა 14600 ხმით გადაუსწრო, „მრეწველების“ კანდიდატმა ვასილ არაბულმა კი თელავის რაიონში 1000 ხმაც კი ვერ მოაგროვა, სულ 940 ხმა მიიღო.
მმართველ პარტიაში არ დაუმალავთ, რომ თელავის არჩევნებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გენერალურ რეპეტიციად განიხილავდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდასაჭერად თელავში სპეციალურად, პარტიის თავჯდომარე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი ჩავიდა და კახეთში, მთავრობის სხდომაც გამართა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა თელავის არჩევნებს „ევროპული სტანდარტების არჩევნები“ უწოდა:
„ეს იყო თავისუფალი, კონკურენტუნარიანი არჩევნების მაგალითი. ეს იყო ევროპული სტანდარტების არჩევნები და ამას მოწმობს ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება, რომლებიც ესწრებოდნენ და აკვირდებობდნენ საარჩევნო პროცესს თელავში.
რაც შეეხება შედეგებს, რა თქმა უნდა მე მახარებს, რომ თელაველების არჩევანი გაკეთდა ჩვენი გუნდის წარმომადგენლის სასარგებლოდ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენთვის.“
ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი ისევ არჩევანის გარეშე დატოვეს, მათმა უმეტესობამ თელავის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენა საჭიროდ არ ჩათვალა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური ამოცანა გენერალურ რეპეტიციაზე მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობა იყო.
თელავში სულ 56 898 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და საბოლოოდ არჩევნებზე თითქმის 36 პროცენტი მივიდა (დაახლოებით 20 000 ამომრჩეველი). მმართველმა პარტიამ ამ ამოცანის გადასაჭრელად ადრე აპრობირებულ ხერხებს მიმართა.
დამკვირვებლებმა, არჩევნების დღეს არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებამდე ოცდათხუთმეტი სამარშუტო მიკროავტობუსით მიჰყავდათ, ავტოტრანსპორტი ნაციონალურმა მოძრაობამ სპეციალურად ამ დღისთვის დაიქირავა.
მმართველი პარტიის აქტივისტები მორიგეობდნენ 54-ვე საარჩევნო უბანთან და ინიშნავდნენ, რომელი ამომრჩეველი გამოცხადდა ხმის მისაცემად და რომელი - არა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს:
„დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც მასიურად ინიშნავდნენ გამოცხადებული ამომრჩევლის ვინაობას, რაც მიგვაჩნია, რომ წარმოადგენს გარკვეულ კონტროლს ნების გამოვლენაზე.
ასევე იყო ტექნიკური პრობლემები, მაგალითად, საკონტროლო ფურცლის შევსების დროს გამორჩენილი იყო რეკვიზიტები, რაზეც ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი შენიშვნები. თუმცა, ეს არ არის ძალიან მაშტაბური დარღვევები, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს არჩევნების საერთო შედეგებზე.“
ტრადიციული პრობლემები იყო, იმ საარჩევნო უბნებში, სადაც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები ჭარბობენ. თელავის რაიონის ყველაზე დიდი სოფლის ყარაჯალის ამომრჩევლები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, 39-ე უბანზე მმართველი პარტიის საარჩევნო ფლაერებით შედიოდნენ და ერთმანეთს კარნახობდნენ თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა.
იყო შემთხევები, როცა ხმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცეს და როცა ხმა მისცა რამდენიმე არასრულწლოვანმა, რომლებიც სიაში არ იყვნენ. იგივე სიტუაცია იყო სოფელ ართანას 30-ე საარჩევნო უბანზეც. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია კერძოდ ამბობს:
„განსაკუთრებული პრობლემები დააფიქსირა ჩვენმა დამკვირვებელმა სოფელ ყარაჯალაში, იქ არსებულ ოთხივე საარჩევნო უბანზე. ქართული ენის არცოდნის გამო, ხშირად უბანზე მისულ ამომრჩეველს არ შეეძლო დამოუკიდებლად ხმის მიცემა. ამის გამო ხდებოდა, ხმის მიცემის კაბინაში ერთდროულად რამოდენიმე მოქალაქის შესვლა და ხმის ერთდროულად მიცემა.
ეს ქმნიდა ძალიან სერიოზულ პროცედურულ ხარვეზებს და დაბრკოლებებს. ამასთან, ჩვენ ამ უბნებზე დავაფიქსირეთ შემთხვევები, როცა უბანზე მისული ამომრჩევლები ერთმანეთს მიუთითებდნენ თუ რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატისთვის უნდა მიეცათ მათ ხმა.“
თელავის არჩევნების მონიტორინგმა ისევ ნათლად აჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ კვლავაც სრული დატვირთვით გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი.
პრეზიდენტის გარდა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები იყვნენ მინისტრები, პარლამენტარები, კახეთის გუბერნატორი, თელავის გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიცია.
ამის პარალელურად, ოპოზიციამ არჩევნების სრული იგნორირება მოახდინა. შედეგად კი თელავის საარჩევნო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი არჩევნები ჩატარდა, აკურის საარჩევნო უბანში დამკვირვებლებმა იცეკვეს კიდეც. თელავში შუალედური არჩევნების გამართვის აუცილებლობა
2010 წლის 17 ნოემბერს დადგა, როცა 58 წლის ასაკში, პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, ყოფილი გუბერნატორი, ელჩი და სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი გარდაიცვალა.