ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი თავდასხმის შემდეგ


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონის თავდასხმის დროს დაშავებულთა მრავალფეროვან ეთნიკურ წარმომავლობაზე ისაუბრა და ამით ლონდონის მრავალფეროვნებას გაუსვა ხაზი. ამავე გამოსვლაში მეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტზე თავდამსხმელი ბრიტანეთში დაბადებული მოქალაქეა.

ტერეზა მეის ამ განცხადებების მიუხედავად, ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მომხდარში მიგრანტების და ლიბერალები დაადანაშაულეს, რომლებმაც, მათი თქმით, „ისლამისტ ტერორისტებს ხელსაყრელი პირობები შეუქმნეს.“

"ტერორისტი მოვიდა ადგილას, რომელიც თავს უყრის ყველა ეროვნების და კულტურის ხალხს"
ტერეზა მეი

თავდასხმიდან მოყოლებული, ბრიტანეთის ბეჭდურ და სოციალურ მედიაში ერთმანეთს ორი მთავარი აზრი უპირისპირდება. ერთი ქვეყნის გამაერთიანებელი ნარატივია, მეორე კი მომხდარში უცხოელებს და მიგრანტებს ადანაშაულებს და ევროპაში თავისუფალი გადაადგილების წინააღმდეგია.

„ჰოსპიტალიზებულია ბრიტანეთის 12 მოქალაქე, მათთან ერთად ჰოსპიტალშია მოთავსებული სამი ფრანგი ბავშვი, ორი რუმინელი, ოთხი სამხრეთ კორეელი, ერთი გერმანელი, ირლანდიელი, ჩინელი, იტალიელი, ამერიკელი და ორი ბერძენი დაშავებული,“ განაცხადა მეიმ.

„ტერორისტი მოვიდა ადგილას, რომელიც თავს უყრის ყველა ეროვნების და კულტურის ხალხს,“ დასძინა პრემიერმა.

„ჩვენ ჰუმანურობა გვაერთიანებს,“ ასე გამოეხმაურა პრემიერის გამოსვლას ბრიტანეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი.

მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე საუბრის მიუხედავად, ზოგიერთი ოპოზიციონერი მთავრობას აკრიტიკებს. ერთ-ერთი ასეთია „ბრექსიტის“ მხარდამჭერი. პარლამენტარი ნიგელ ფარაჯი.

მან ლონდონის თავდასხმა მთავრობის მიერ ახლო-აღმოსავლეთიდან შემოსული მიგრანტების მიღებისთვის გააკრიტიკა. „ჩვენ საშინელი შეცდომები დავუშვით, რაც 1997 წელს პრემიერად ტონი ბლერის არჩევით დაიწყო, რომელიც ამბობდა, რომ მრავალკულტურული ბრიტანეთის აშენება სურდა,“ განაცხადა ფარაჯმა, რომელიც ბრიტანეთს დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილი ლიდერია.

„მრავალფეროვნება თემების დაყოფას განაპირობებს და ეს პრობლემაა. ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ევროპაში მეხუთე კოლონა არსებობს. ვფიქრობ დადგა დრო დამნაშავეები ვამხილოთ. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ პოლიტიკოსებმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც გავლენას იქონიებს მომდევნო 100 წელიწადზე,“ დასძინა მან.

უფრო კრიტიკული იყო კეტი ჰოპკინსი, სატელევიზიო კომენტატორი, რომელმაც ინგლისს „საკუთარი კულტურის დაცვისკენ“ მოუწონა.

„ლონდონი სასოწარკვეთილებამდე ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც ტოლერანტული ქალაქი, ლიბერალები თავს ირწმუნებენ, რომ კულტურული მრავალფეროვნება კარგია. სინამდვილეში ამ ქალაქს ეშინია სიმართლის აღიარების, ეშინია იმ საშინელებების აღიარების, რასაც მიგრანტები ჩადიან. კულტურული მრავალფეროვნება არ მუშაობს,“ წერს ჰოპკინსი მემარჯვენე ტაბლოიდ გამოცემა „დეილი მეილში“.

"უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არაფერი ამართლებს"
მოჰამედ აფზალი, მეჩეთის წინამძღვარი.

ბრიტანეთის კონტრ-ტერორიზმის უმაღლესი ოფიცრის მარკ როულის თქმით, თავდასხმის შემდეგ მიმდინარე ჩხრეკებმა და რეიდებმა, შესაძლოა, „მუსლიმური თემები ააღელვოს“. თუმცა, მისივე თქმით, პოლიციელები ყველა ღონეს ხმარობენ მათ დასაცავად. ბირმინგემი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც პოლიციამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, ქალაქი ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსლიმური ფესტივალისთვის ემზადება.

გუშინ ბირმინგემის მეჩეთის წინამძღვარს ადგილობრივი პოლიცია 50 000 ბუკლეტის დარიგებაში დაეხმარა, სკოლებსა და მაღაზიებში დარიგებული ბუკლეტების მესიჯი იყო - „ტერორიზმი ისლამი არ არის“

„მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ არის თავდამსხმელი, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არაფერი ამართლებს,“ ამბობს მოჰამედ აფზალი, მეჩეთის წინამძღვარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG