ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში "იეღოვას მოწმეები" ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლეს


რუსეთში რამდენიმე “იეღოვას მოწმეს” ბრალი წაუყენეს რელიგიური ჯგუფის წევრობისთვის, რომელსაც მოსკოვმა ექსტრემისტული უწოდა და ქვეყანაში აკრძალა.

30 ნოემბერს, ციმბირის ქალაქ ომსკში, სასამართლომ 48 წლის სერგეი პოლიაკოვს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც ის “ექსტრემისტული ჯგუფის საქმიანობის ორგანიზებაში” დამნაშავედ ცნო.

პოლიაკოვის მეუღლეს, ანასტასია პოლიაკოვას და კიდევ ორ იეღოვას მოწმეს, დინარა დიუსეკიევას და გაუხარ ბეხტემიროვას მსჯავრი “ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის” დასდეს და თითოეულს ორწლიანი პატიმრობა, განაჩენის აღსრულების გადავადებით მიუსაჯეს.

განაჩენების გამოცხადების შემდეგ, მათმა ადვოკატმა დმიტრი კოლობოვმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სამივე მსჯავრდებული გაასაჩივრებს.
ოთხი მსჯავრდებულის სასამართლო ერთ წელზე მეტი ხნის წინ, იმ დროს დაიწყო, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო რელიგიური ჯგუფის შეზღუდვა, რომელიც ოფიციალურად ექსტრემისტულად გამოცხადდა და 2017 წელს ქვეყანაში აიკრძალა.

გასულ კვირაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ რამდენიმე იეღოვას მოწმე დააპატიმრა და მათ სახლებში რეიდები მოაწყო.

რუსეთში იეღოვას მოწმეებს ათწლეულების განმავლობაში ეჭვით უყურებდნენ, სადაც დომინანტი მართლმადიდებლური ეკლესია, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობს.
ქრისტიანული ჯგუფი ცნობილია, კარდაკარ ქადაგებით, ბიბლიის დახურული სწავლებით, სამხედრო სამსახურის უარყოფით, ეროვნული და საეკლესიო დღესასწაულების და დაბადების დღეების არ აღნიშვნით.

კანონგარეშედ გამოცხადების შემდეგ, რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ, უკრაინის შავი ზღვის ნახევარკუნძულ ყირიმში, რამდენიმე იეღოვას მოწმე დააპატიმრეს.

2019 წლის სექტემბერში, ვაშინგტონმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ორ რეგიონულ მაღალი თანამდენობის პირს შეერთებულ შტატებში შესვლა, შვიდი დაკავებული იეღოვას მოწმის სავარაუდო წამების გამო აუკრძალა.

მოსკოვში ბაზირებულმა “მემორიალმა”, უფლებადამცველმა ცენტრმა, ათობით ბრალდებული ან მსჯავრდებული “იეღოვას მოწმე”, რომლებსაც ექსტრემიზმი ბრალდებოდა, პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG