ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი „ექსპერტი“ უარყოფს ყირიმელი თათრების დოკუმენტურად დადასტურებულ რეპრესიას


ყოველი წლის 18 მაისს ყირიმელი თათრების მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. საბჭოთა ხელისუფლებამ ყირიმელი თათრები (და სხვა უმცირესობები) ყირიმის ნახევარკუნძულიდან 1944 წელს გადაასახლა.

წელს, ამ დეპორტაციის 76-ე წლისთავზე, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, საქართველოს, ლიეტუვის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მინისტრებმა პარალელი გაავლეს 1944 წლის შემდეგ ყირიმელი თათრების მდგომარეობასა და 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მათ მდგომარეობას შორის.

„ყირიმელი თათრების ტრაგედია 2014 წელს განმეორდა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის განუყოფელი ნაწილი - ყირიმი დაიპყრო და მისი უკანონო ანექსია სცადა,“ ნათქვამია განცხადებაში.

„შემთხვევითი არაა, რომ რუსეთი, რომელიც სტალინის ტოტალიტარულ რეჟიმს განადიდებს, 21-ე საუკუნეშიც აგრძელებს დანაშაულებრივი პოლიტიკის გატარებას დროებით ოკუპირებულ ყირიმში: ყირიმელი თათრების მეჯლისის აკრძალვა, სისტემური რეპრესიები, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე მიტანილი რუსული შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ განწყობილი ყირიმელი თათრების მუდმივი შევიწროება, დევნა და უფლებების დარღვევა. ამან აიძულა ათასობით ყირიმელი თათარი, ყირიმის ეს მკვიდრი მოსახლეობა, მიეტოვებინა სახლები და უკრაინის კონტინენტურ ნაწილში გადასულიყო.“

ამ განცხადებას პასუხი დსთ-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმირ ჟარიხინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მეშვეობით გასცა. ჟარიხინის თქმით, ამ განცხადების ხელმომწერი ქვეყნები „უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ ყირიმელი თათრების უფლებები ირღვევა“.

„ეს კიდევე ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინაში მხოლოდ პრეზიდენტის სახელი შეიცვალა, ხოლო რეჟიმი, რომელიც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების გზით დამყარდა, არ შეცვლილა“, თქვა ჟარიხინმა. სახელმწიფო გადატრიალებაში ის 2014 წლის უკრაინის „მაიდანის რევოლუციას“ გულისხმობდა, რაც სახელმწიფო გადატრიალება არ ყოფილა და რომლის შემდეგაც ქვეყანაში 2 პრეზიდენტი იქნა არჩეული.

„იგივე ქმედებები, იგივე პოლიტიკა, რომელიც ემყარება ფაქტების აშკარა ფალსიფიცირებას, დამახინჯებას, იარლიყების მიკერებას ისე, რომ მტკიცებულებით გამყარებასაც კი არ ცდილობენ,“ დასძინა ჟარიხინმა.

ყირიმელი თათრების ეროვნული ლიდერი, მუსტაფა ჯემილევი
ყირიმელი თათრების ეროვნული ლიდერი, მუსტაფა ჯემილევი

ჟარიხინის განცხადებები ფაქტების „აშკარა ფალსიფიცირებასა“ და მტკიცებულებით დაუდასტურებლობის შესახებ სიცრუეა.

ყირიმელი თათრების დევნა 2014 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც რუსეთის სამხედროებმა ყირიმის ნახევარკუნძულს შეუტიეს მისი ოკუპირების და გაკონტროლების მიზნით.

იმავე წლის 16 მარტს, ყირიმელი თათარი აქტივისტის დეშატ ამეტოვის გვამი იპოვეს მისი გაუჩინარებიდან 2 კვირის შემდეგ. მას წამების კვალი ეტყობოდა. ამეტოვი 3 მარტს გაუჩინარდა, რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის შემდეგ. არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ ამეტოვი განმასხვავებელი ნიშნების არმქონე რუსულ სამხედრო ფორმებში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

2014 წლის სექტემბრისთვის Human Rights Watch-მა ყირიმში „ძალადობრივი“ გაუჩინარების 7 შემთხვევა აღწერა. ხუთი მათგანი ყირიმელი თათარი იყო.

2014 წლის 18 მაისის ხსოვნის დღე რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ფორმალურ ანექსიას მოსდევდა. 1991 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდნენ ყირიმელი თათრები მოსკოვის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, 2014 წელს ყირიმელი თათრების თემი არ დაემორჩილა აკრძალვას, რომელიც ოკუპანტმა ხელისუფლებამ საჯარო ღონისძიებების გამართვაზე დააწესა და 2014 წელს ხსოვნის დღე მარშით აღნიშნა.

2015 წელს, როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 18 მაისის არასანქცირებული საავტომობილო მსვლელობის 60 მონაწილე დააკავეს, დაკითხეს და დააჯარიმეს. ხელისუფლებამ ასევე სცადა, შეეზღუდა ყირიმელი თათრების დროშის დღის აღნიშვნა იმავე წლის 26 ივნისს.

2014 წლის აგვისტოს ანგარიშში, რომელიც მოამზადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპეციალურმა მომხსენებელმა უმცირესობების საკითხებზე, აღნიშნულია, რომ ყირიმელი თათრების თქმით, რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში „ანტი-თათრული განწყობები ძლიერდება“.

ამ ანგარიშში მოყვანილი იყო იძულებით გადაადგილებული ყირიმელი თათრების ნაამბობები. ისინი აღწერდნენ ანექსიის დროს და მის შემდეგ თემის წევრების მიმართ ჩადენილ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შემთხვევებს. ზოგის თქმით, მათ სახლებს უცნობი პირები ნიშნებს ადებდნენ ან არბევდნენ; სხვები იხსენებდნენ შემთხვევებს, როდესაც ფორმიანი პირები ყირიმელი თათრების საკუთრებაში არსებული მიწისა და ქონების მითვისებას ცდილობდნენ.

მას შემდეგ დაიწყო ყირიმელი თათრების დევნა და მასობრივი დაპატიმრებები, ხშირად „ტერორისტულ“ ჯგუფთან კავშირის ბუნდოვანი ბრალდებით. „ჰიზბ უტ-ტახრირი", რომელიც რუსეთმა ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა, ლეგალური ორგანიზაციაა უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. თათრების მრავალი დაპატიმრება, რომლებსაც, ჩვეულებრივ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს, „ტერორისტულ“ დაჯგუფებებთან კავშირების ქონის დაუსაბუთებელ და ბუნდოვან ბრალდებებს ეფუძნება.

2016 წელს რუსეთმა აკრძალა ყირიმელი თათრების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო - მეჯლისი, რომელიც 1991 წელს დაარსდა. 2014 წლის აპრილში, რუსეთის მიერ ანექსიიდან ერთ თვეში, ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ლიდერს და მეჯლისის ყოფილ თავმჯდომარეს, საბჭოთა პერიოდის დისიდენტ მუსტაფა ჯემილევს ყირიმში შესვლა აეკრძალა.

2016 წელს რუსეთმა ჯემილევის დაპატიმრების სანქცია გასცა. ჯემილევს, რომელიც 1944 წლის დეპორტაციებს ცოცხალი გადაურჩა, მისი ცხოვრების მანძილზე, ფაქტობრივად, მეორედ აეკრძალა სამშობლოში ყოფნა. რუსეთმა დაპატიმრების სანქცია მეჯლისის ახლანდელ თავმჯდომარეზე, რეფატ ჩუბაროვზეც გასცა.

ეს შემთხვევები ადასტურებს ყირიმელი თათრების რეპრესიებს და ფაქტების ფალსიფიცირების თუ დამახინჯების შესახებ ჟარიხინის განცხადებების უსაფუძვლობას.

ყირიმი, 2014 წელი
ყირიმი, 2014 წელი

2020 წლის 18 მაისს, ხსოვნის დღეს, ყირიმელმა თათარმა აქტივისტმა, ჟურნალისტმა და „ამნესტი ინტერნეშენელის“ მიერ აღიარებულმა სინდისის პატიმარმა სევერ მუსტაფაევმა განცხადება გაავრცელა რუსეთიდან, სადაც ის პატიმრობაშია და სასამართლოს განაჩენს ელოდება. იმავე დღეს გამართულ საქმის განხილვაზე რამდენიმე ბრალდებულს პლაკატები ეჭირა, რომლებზეც ეწერა „18 მაისი მეორდება“ და „თავისუფლება კრემლის პატიმრებს“.

„ამ ტრაგიკულ თარიღზე ეს ეგრეთ წოდებული ‘საქმის განხილვა’ პირადად ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ჩვენ მიმართ რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულების მაჩვენებელია და ჩვენი უფლებების, ყირიმში მშვიდობის, სამართლიანობის და ა.შ. შესახებ მისი სიტყვების ფორმალურ ხასიათის გამომხატველი,“ ნათქვამია მუსტაფაევის განცხადებაში.

„ყირიმელ თათრებზე სისტემატური ზეწოლა, უკრაინის მოქალაქეების რეპრესიები ეროვნული და რელიგიური ნიშნით, ყირიმელი თათრების, მეჯლისის, იმამების, უფლებადამცველების, საზოგადო მოღვაწეების და ჟურნალისტების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დევნის ორგანიზება რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ორგანოების, სამართალდამცავი სისტემების მიერ ყირიმის მოსახლეობის და ყირიმელი თათრების ეთნოციდის მიზანმიმართული პოლიტიკაა,“ ეწერა განცხადებაში.

ყირიმელი თათრები თურქულენოვანი ხალხია , რომელიც შუა საუკუნეებიდან დასახლდა ყირიმის ნახევარკუნძულსა, და რაღაც პერიოდში, სამხრეთ უკრაინაში. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ეთნიკური ჯგუფი ორაზროვნად დაადანაშაულა ნაცისტ ოკუპანტებთან კოლაბორაციონიზმში და მასობრივად გადაასახლა ცენტრალურ აზიაში. ყირიმელმა თათრებმაც გაიზიარეს ის ბედი, რომელიც იმ დროს საბჭოთა კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ერებსაც ერგო.

2013 წელს გამოვიდა ფილმი, რომელიც აღწერს ამ დეპორტაციებს და ასევე, მრავალი მაღალი ორდენით დაჯილდოებული ყირიმელი თათარი მებრძოლის ამეტ-ხანი სულთანის ისტორიას, რომელიც 1944 წელს მისი ხალხის დეპორტაციის მოწმე გახდა. 2016 წელს ყირიმელმა თათარმა მომღერალმა ჯამალამ ევროვიზიის კონკურსში უკრაინის სახელით გაიმარჯვა თავისი სიმღერით „1944“, რომელიც ამ დეპორტაციების შესახებ იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG