ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოპულისტების მცირე გამარჯვება - ბრიუსელმა შვებით ამოისუნთქა


ევროპული ალიანსების მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა პარტიებმა ევროპარლამენტის არჩევნებში პოზიციები გაიუმჯობესეს. თუკი მათ აქამდე 155 მანდატი ჰქონდათ, ახლა ევროპარლამენტში 169 წევრი ჰყავთ. ყველაზე წარმატებული არჩევნებში მათი მონაწილეობა ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში იყო.

თუმცა კვირის არჩევნებში პოპულისტების მიღწეული წარმატება ბრიუსელში არ აშფოთებთ. ევროკავშირის ლიდერები შიშობდნენ, რომ ალიანსის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ძალები კიდევ უფრო მეტ უპირატესობას მოიპოვებდნენ. ზოგის აზრით, ეს იმის მაქსიმუმია, რისი მიღწევაც ევროპელ, ნაციონალისტურ პოპულისტ პარტიებს შეუძლიათ. მაგალითად, ბრიტანეთში, ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრე პარტიებმა მთლიანობაში იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ბრექსიტის - გასვლის მომხრე პარტიებმა. „ეს უფრო მცირე ტალღა იყო და არა წყალდიდობა“, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერის მთავარი მრჩეველი.

იტალიის პარტია "ლიგის" ლიდერი მატეო სალვინი კი, რომლის ამბიციებიც ქვეყნის არჩევნებში მიღებული 30 %-ის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამბობს, რომ მას ამომრჩევლებმა „ისტორიული მისია“ დააკისრეს. ეს მისია სალვინის თქმით, ევროკავშირის გარდაქმნაა. ამავე კონტექსტში მან მარი ლე პენს მიულოცა მიღწეული წარმატება და თქვა, რომ ბევრი მოკავშირის ყოლის იმედი აქვს.

"ვიმედოვნებ, რომ ყველგან მეყოლება მოკავშირეები იმისთვის, რომ ევროკავშირი გადავარჩინოთ, შევცვალოთ მისი წესები. ჩვენ საბოლოოდ უნდა შევცვალოთ ათწლეულების ბიუროკრატიისა და ბანკირების წესები", - ამბობს სალვინი.

მარი ლე პენის პარტიამ, რომელიც კვლავ სახეცვლილი "ეროვნული ფრონტია", ხმათა 23.31 % მოიპოვა მაშინ, როდესაც პრეზიდენტ მაკრონის ალიანსმა 22.41 % მიიღო. ეს ლე პენისთვს გამარჯვებაა, თუმცა აღსანიშნია, რომ 2014 წელს მის პარტიას ხმათა თითქმის 25% ჰქონდა.

"დანიის სახალხო პარტიამ" მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა, ხუთი წლის წინ პარტიას 4 მანდატი ჰქონდა. ნიდერლანდებში ანტი-ისლამისტურმა პარტიამ მისი 4-ივე მანდატი დაკარგა, მათ შორის ლიდერის, გერტ უაილდერსის მანდატიც. თუმცა ევროპარლამენტში 3 ადგილი მოიპოვა თიერი ბაუდეს, ახალი პოპულისტი ლიდერის პარტიამ. ეს მაინც იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ვარაუდობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში პოპულისტებმა გამარჯვება მოიპოვეს, ეს შედეგები მაინც არაა ისეთი, როგორსაც ელოდნენ და რომელიც დიდი ნაციონალისტური გარდაქმნის დასაწყისი უნდა გამხდარიყო. მათ ასევე ჰქონდათ წარმატება პოლონეთსა და უნგრეთში, მაგრამ ყველა სხვა ქვეყანაშიც ეს წარმატება მოსალოდნელზე ნაკლები იყო. მაგალითად, გერმანიასა და ავსტრიაში მათი შედეგები მთლიანობაში დიდად არ სჯობდა 2014 წელს მიღწეულ შედეგებს. ისინი ევროპარლამენტის მანდატების ერთი მესამედის მოპოვებაზე საუბრობდნენ, თუმცა მეოთხედზე ნაკლები მიიღეს.

ევროპული არჩევნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი მაინც ლიბერალებისა და მწვანეების წარმატება იყო. ბრიტანეთში, ლიბერალ-დემოკრატები საგულისხმოდ დაწინაურდნენ; გერმანიაში მწვანეებმა ქვეყნის მემარცხენე სოციალ-დემოკრატების საპირწონედ მნიშვნელოვნად მეტი ხმა მიიღეს, რაც ისტორიული გარდატეხა იყო - 20%-იანი უპირატესობით.

ევროპარლამენტის წლევანდელ არჩევნებში შედარებით მაღალი აქტივობა დაფიქსიდა. არჩევნებამდე ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ როგორც წესი, დაბალი აქტივობის პირობებში სწორედ ევროპული ერთობისადმი სკეპრიკურად განწყობილი პარტიები იმარჯვებენ. მიუხედავად "პოპულისტურ წარღვნას" გადარჩენილ ბრიუსელს პრობლემები მაინც ექნება. უმთავრესი გამოწვევა სავარაუდოდ ბლოკის მმართველობის დაკომპლექტება იქნება, რადგან პარლამენტი ამჯერად გაცილებით უფრო ფრაგმენტული იქნება. ტრადიციული კავშირების შეთანხმება ხელისუფლების დასაკომპლექტებლად შესაძლოა არც ისე მარტივად წარიმართოს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წინ ბევრი გარიგება და მოლაპარაკება იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG