ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსერვატიული პოლიტიკური დემონსტრაცია ამერიკელ სამოქალაქო უფლებების დამცველებს აშფოთებს


აბრაამ ლინკოლნის მემორიალი ვაშინგტონში
აბრაამ ლინკოლნის მემორიალი ვაშინგტონში

28 აგვისტოს ვაშინგტონში აბრაამ ლინკოლნის მემორიალის კიბეებზე, იქ სადაც 47 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი ცნობილი მიმართვით გამოვიდა, პოპულარული კონსერვატიული მიმომხილველი გლენ ბეკი დემონსტრაციას გამართავს

47 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი ვაშინგტონში მდებარე აბრაამ ლინკოლნის მემორიალის კიბეებზე თავისი ცნობილი მიმართვით „მე მაქვს ოცნება“ გამოვიდა. 1963 წლის ვაშინგტონზე მსვლელობის მთავარი მიზანი ქვეყანაში თეთრებსა და შავებს შორის რასობრივი დაპირისპირების მოსპობა იყო. ამ ისტორიულ ადგილას შაბათს 28 აგვისტოს ანუ მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის 47-ე წლისთავზე სულ სხვა სახის პოლიტიკური დემონსტრაცია გაიმართება, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, რასობრივი დაძაბულობა მოჰყვება.

„მე მაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს ჩვენი ერი აღსდგება და საკუთარი რწმენის თანახმად ცხოვრებას დაიწყებს. ჩვენ ამ ჭეშმარიტებას ცხადად მივიჩნევთ, რომ ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით არის აღჭურვილი.“

47 წლის წინ აბრაამ ლინკოლნის მემორიალის კიბეებზე ნათქვამი მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი მიმართვის „მე მაქვს ოცნება“ ამ სიტყვებმა ქვეყნის ელფერი შეცვალა და თეთრებსა და შავებს შორის რასობრივი ჰარმონიის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შეიტანა. 1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონზე მსვლელობის დროს დაახლოებით 250,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ჰოვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ლორენცო მორისი აღნიშნავს, რომ მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა იყო უმნიშვნელოვანესი მომენტი შეერთებული შტატების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის განვითარებასა და ზოგადად ქვეყნის ისტორიაში.

„1963 წლის ვაშინგტონზე მსვლელობის შედეგად ამ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილე უმცირესობებმა და პროგრესულად განწყობილმა თეთრებმა, რომლებიც აფრიკული წარმოშობის ამერიკელებს შეუერთდნენ, ისევე როგორც მთელმა ერმა ღირებულებათა ახალი სისტემა მოიპოვა. ამ ღირებულებათა სისტემის აღიარება ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანას მიმართულება უნდა შეეცვალა არა მხოლოდ კანონების შესაბამისობაში მოყვანის გამო არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვაღიარეთ, რომ ჩვენ საერთო რასობრივი და სოციალური ინტეგრაციის ფასეულობებს ვიზიარებთ,“ აღნიშნა ლორენცო მორისმა.

ათწლეულების შემდეგ კი სოციალური და სამოქალაქო უფლებების დამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პოპულარული კონსერვატიულად განწყობილი ტელე წამყვანი და მიმომხილველი გლენ ბეკი მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის 47-ე წლისთავს აბრაამ ლინკოლნის მემორიალის კიბეებზე ფართომასშტაბიან საპროტესტო დემონსტრაციას ამთხვევს. ისინი გლენ ბეკსა და „ჩაის სმის“ კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის წევრებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ ხსენებული თარიღი განგებ აირჩიეს მარტინ ლუთერ კინგის გზავნილის დამახინჯების მიზნით. სამოქალაქო უფლებების დამცველი რიკ ტერნერი აღნიშნავს, რომ გლენ ბეკი და „ჩაის სმის“ მოძრაობის გარკვეული ელემენტები მარტინ ლუთერ კინგის იმიჯს ხალხში შუღლის გაღვივების მიზნით იყენებენ.

„ამ ხალხის ფილოსოფია დიამეტრულად ეწინააღმდეგება მარტინ ლუთერ კინგის ხედვას, მის მემკვიდრეობასა და გზავნილს,“ აღნიშნავს ტერნერი.

ვირჯინიის შტატში „ჩაის სმის“ მოძრაობის წევრს კაროლ თორპს ზოგიერთი სამოქალაქო უფლებების აქტივისტის შეშფოთება ესმის, მაგრამ მისი თქმით, შაბათს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც „ღირსების აღდგენის“ თემით ჩაივლის, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია დაუჭიროს მხარი.

„მე არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვისაც ამ დემონსტრაციის გამართვა ცუდ იდეად მიაჩნია, და ვინც ამ ღონისძიებას ეწინააღმდეგება. ეს ხომ არაპოლიტიკური და არაპარტიული დემონსტრაცია იქნება. ჩვენ შეერთებული შტატების სამხედროებს პატივს მივაგებთ,“ აღნიშნავს კაროლ თორპი.

თავად გლენ ბეკი აღნიშნავს, რომ ის, რომ საპროტესტო დემონსტრაცია ვაშინგტონზე მსვლელობის 47-ე წლისთავის დღეს გაიმართება უბრალო დამთხვევას წარმოადგენს. მისი თქმით, დემონსტრაციის ორგანიზატორები თავდაპირველად აქციის ჩატარებას 12 სექტემბერს აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ თარიღი შეიცვალა რათა უფრო მეტ ხალხს შეეძლო დასწრება. მაგრამ სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტები, რიკ ტერნერის ჩათვლით, აღნიშნავენ, რომ თვით ის ფაქტი, რომ შაბათს დაგეგმილი დემონსტრაციის ერთ-ერთი სპონსორია იარაღის ტარების უფლების დამცველთა ეროვნული ასოციაცია მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას შეურაცხყოფს რადგან კინგი სწორედ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.

„ლინკოლნის მემორიალი დიდი ადგილია და იქ სხვა ჯგუფებიც შეიკრიბებიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დემონსტრაციის ჩატარება სამოქალაქო უფლებების მოძრაობას და მარტინ ლუთერ კინგის მემკვიდრეობას შეურაცხყოფს,“ აღნიშნავს ტერნერი.

აღსანიშნავია, რომ არც გლენ ბეკსა და არც იარაღის ტარების უფლების დამცველთა ეროვნულ ასოციაციას ამ ბრალდებასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.

პროფესორ მორისს კი მიაჩნია, რომ გლენ ბეკს და „ჩაის სმის“ მოძრაობის წევრებს კინგის გამოსვლის 47-ე წლისთავის მნიშვნელობა კარგად ესმით.

სამოქალაქო უფლებების დამცველი ალ შარპტონი და მისი ეროვნული მოქმედების ქსელი ისევე როგორც სხვა სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციები საპასუხო დემონსტრაციის გამართვას აპირებენ. მათ სურთ, რომ ხალხმა მარტინ ლუთერ კინგის ოცნების ნამდვილ მემკვიდრეობას პატივი მიაგოს.

XS
SM
MD
LG