ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლდანიდან გორში - სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღე


იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას გლდანის ციხიდან გორის სამხედრო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა, თუმცა გარკვეული წინაპირობებით. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე დათანხმების თაობაზე თანაპარტიელთან, ადვოკატთან და უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმით მოხდება მიხეილ სააკაშვილის გლდანიდან გორში ეტაპირება. შესაძლოა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი ტრანსპორტირება ვერტმფრენით მოხდეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ამჟამად ეტაპირების საკითხზე შეთანხმება ვერ ხდება.

გორის ჰოსპიტალი კი სააკაშვილის მისაღებად მზადაა. იქ ცოტა ხნის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმყოფებოდა. ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულების ექიმებს შეხვდა და თავად დაათვალიერა საავადმყოფოს ინვენტარი.

დღეს სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღეა, ის უკვე მეორე დღეა, რაც გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ 18 ნოემბერს ის შეუძლოდ გახდა და წაიქცა.

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლისკენ მოუწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს. ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში“, - წერს ნინო ლომჯარია.

იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ შიმშილობის მე-17 დღეს პროტესტი შეწყვიტა ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიას განცხადებით, მან საკუთარ მიზანს უკვე მიაღწია და ბრძოლას სხვა გზებით გააგრძელებს.

"გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. ველოდები ექიმს და ასევე ველოდები, რა თქმა უნდა, გადასვლის პროცესს. მე, სიმართლე გითხრათ, მინდოდა ძალიან სწრაფად განცხადების გაკეთება, მაგრამ ვუწევდი ანგარიშს ადამიანს, რომელიც ცუდად არის. დამატებითი ბარიერებით ნუ შევაფერხებთ ამ პროცესს და მე ველოდები ახლა ექიმს და გავყვები ექიმის რეკომენდაციებს. მე ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ დაიწყოს და მან ამაზე თანხმობა განაცხადოს. მისი სიცოცხლე და ქვეყანაში მშვიდობა საფრთხეშია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გვაქვს საშუალება გამოვიდეთ არა მთლიანად კრიზისიდან, არამედ გადაჩეხვის საფრთხიდან", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG