ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცნობია, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანას


გლდანის ციხე
გლდანის ციხე

ამ დრომდე ისევ უცნობია დათანხმდება თუ არა საქართველოს ხელისუფლება მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, რომელიც 49 დღეა შიმშილობს, გლდანის ციხიდან რომელიმე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას.

ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე სასწრაფოდ შეხვდა, როგორც სახალხო დამცველის, ისე იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის რამდენიმე წევრს, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ამ დრომდე ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლება მსჯავრდებულის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ეს მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებაა. ინფორმაცია „ამერიკის ხმას“ არ დაუდასტურა მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლიამ.

არ ვიცი, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, კიდევ დამძიმდება, მისი ციხიდან გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
გიორგი გრიგოლია, მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი

„ამის შესახებ ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, კიდევ დამძიმდება, მისი ციხიდან გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - თქვა გიორგი გრიგოლიამ, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის წევრია. ამ კონსილიუმმა 20 საათის წინ დადო დასკვა, რომ მოშიმშილე სააკაშვილის მდგომარეობა „კრიტიკულია“.

მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ციხეში გონება, დაახლოებით, საღამოს 6 საათისთვის, დაკარგა, როცა ადვოკატებთან შესახვედრად მიდიოდა. იგი ადგილზე წაიქცა. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის სააკაშვილის მდგომარეობა „სტაბილურია“.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების მიერ მოწვეულმა რეანიმატოლოგმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა გულიკო ქილიფთარმა, რომელიც შემთხვევითობის წყალობით აღმოჩნდა გლდანის ციხეში, დაადასტურა, რომ ეს იყო „სინკოპეს ეპიზოდი“.

ამ სამედიცინო ტერმინით აღინიშნება „გონების დაკარგვა, გულის წასვლა, უკმარისობა“, რისი მიზეზიც შესაძლოა, თავის ტვინში სისხლის მიწოდების დროებითი, მკვეთრი შემცირება იყოს.

„გულის უკმარისობა“ - იყო სწორედ ის, ერთ-ერთი სწრაფი, მოსალოდნელი შესაძლო გართულება, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ჩაწერა.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ „უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია გართულებები ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება - კომით, ეპილეფსიური სტატუსით ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა გასტრო ინტესტინალური სისხლდენა ჰემოლიზი - თალასემია + ჰიპოფოსფატემია პულმონური ემბოლიზმი და კვების აღდგენის სინდრომი“.

ამ დასკვნას სრულად ეთანხმება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მედიცინის დოქტორი ოთარ თოიძეც.

ასეთ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი გონების დაკარგვა, სისხლდენა, ინფექციის აფეთქება და სხვა მძიმე გართულება. აუცილებელია კონსილიუმის დასკვნის გათვლალისწინება
ოთარ თოიძე, მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი

„მანამდეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ასეთ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი გონების დაკარგვა, სისხლდენა, ინფექციის აფეთქება და სხვა მძიმე გართულება. აუცილებელია კონსილიუმის დასკვნის გათვალისწინება და სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შესწავლა“ - ამბობს ნევროლოგი თოიძე.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას ხელი რვა ავტორიტეტულმა ექიმმა მოაწერა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ომბუდსმენს და ექიმებს მიზანმიმართულად დაესხა თავს. „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოქვეყნებულ შეფასებას „ფეიკ“ დასკვნაც კი უწოდა.

ხელისუფლება ამ დრომდე აცხადებს, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა დიდ რისკებს შეიცავს და ერთადერთი რასაც აკეთებს, მოუწოდებს ექსპრეზიდენტს შიმშილობა შეწყვიტოს, როგორც ეს მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააკეთა.

ამ დროისთვის, გლდანის ციხეში იმყოფება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი. ციხეში ასევე არიან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების ნაწილი.

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქტივისტები არიან შეკრებილნი, მობილიზებულია პოლიციის ძალები. ოპოზიცია მორიგ საპროტესტო მიტინგს, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 19 ნოემბერს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე 3 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე დატოვა, უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა.

ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს და მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. თავიდან იგი რუსთავის ციხეში იმყოფებოდა, საიდანაც ძალის გამოყენებით გლდანის ციხეში იქნა ეტაპირებული.

XS
SM
MD
LG