ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი: ევროპა ამერიკას ვეღარ ენდობა


"დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერების მასპინძლობამდე ორი დღით ადრე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ევროპას აღარ შეუძლია ამერიკის ბოლომდე ნდობა.

მერკელმა ეს პირველად მაისში თქვა, ახლა კი გამოცემა "ცაიტთან" ინტერვიუს დროს გაიმეორა. ინტერვიუში დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების ჰამბურგში ჩასვლამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა. ჰამბურგი "დიდი ოცეულის" სამიტს უმასპინძლებს.

"ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება, შეგვიძლია თუ არა და უნდა ვენდოთ თუ არა მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც აქამდე ძალიან ბევრი ინვესტიცია აქვს ჩადებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამშვიდობო მისიებში აფრიკაში“, - განაცხადა მერკელმა Die Zeit-თან ინტერვიუს დროს.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ განსხვავებული პოზიციები, ისევე როგორც, კლიმატის ცვლილებისა და გლობალიზაციის საკითხები, სამიტის მთავარ განსახილველ თემებს შორის იქნება. სამიტს ევროპელ ლიდერებთან ერთად თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.

"სანამ ჩვენ ვეძებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ამერიკის ადმინისტრაცია ამ პროცესს ხედავს არა როგორც ორმხრივად მომგებიან ურთიერთობას, არამედ როგორც გამარჯვებულისა და დამარცხებულის მქონე პროცესს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ტრამპის ხშირი კრიტიკული განცხადებების პარალელურად ევროკავშირსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ განცხადება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაკეთდება. ევროკავშირმა ახლახან დაასრულა სავაჭრო ხელშეკრულებაზე მუშაობა კანადასთანაც.

მერკელმა გასულ კვირას ბერლინში სამიტის მოსამზადებელ შეხვედრას უმასპინძლა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელობას.

მერკელი, სხვა ევროპელ ლიდერებს შორის, განსაკუთრებით კრიტიკული იყო ტრამპის მიმართ, რომელმაც მაისში, კუნძულ სიცილიაზე გამართულ "დიდი შვიდეულის" სამიტზე კლიმატის ცვლილების შეთანხმებისადმი ერთგულება არ დაადასტურა.

ეს „ექსტრაორდინალურად დასანანია“ - განაცხადა მერკელმა ტრამპის იმ გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, ამერიკამ პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა. თუმცა მერკელი მიესალმება ბევრი შტატისა და ქალაქის განცხადებებს იმის შესახებ, რომ გააგრძელონ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

გერმანიის პოლიციის ცნობით, დაახლოებით 100 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას 30-მდე სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებაში, რომლებიც სამიტის პარალელურად გაიმართება. დემონსტრაციებს გეგმავენ პაციფისტები, გარემოს დამცველები და მრავალფეროვნების მხარდამჭერი ჯგუფები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG