რამდენიმე თვის წინ ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია „პიუს კვლევების ცენტრმა“ 30 ქვეყანაში ლიდერების კვლევა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ლიდერების ჩამონათვალს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ხელმძღვანელობდა, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, ყველაზე მეტად სწორედ მისი სჯეროდათ.
იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატები იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებს, ბრიტანეთს წინ ევროკავშირთან გაყრის მტკივნეული პროცესი აქვს, საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის რეიტინგები კლებულობს, კვირას მეოთხედ გამარჯვებული მერკელი დასავლეთის ყველაზე სანდრო ლიდერია, რომელსაც ძლიერ საყრდენსაც უწოდებენ. 2017 წლის განმავლობაში ბევრმა ამერიკულმა და ევროპულმა მედია საშუალებამ მას „თავისუფალი სამყაროს ლიდერი“ უწოდა.
მერკელის ისტორიული, მეოთხე გამარჯვების შემდეგ, კითხვად რჩება რამდენად აქტიურ საგარეო პოლიტიკას წარმართავს ის და როგორი იქნება მისი მიდგომა გერმანიის და ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევებისადმი, როგორიცაა ტერორიზმი, ფინანსური კრიზისები და პოლიტიკური არასტაბილურობა.
წლის დასაწყისში, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზის კლიმატის შეთანხმებას გამოეყო, მერკელმა ევროპელ კოლეგებს მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. „დასრულდა დრო, როცა სხვების იმედად ვიყავით,“ თქვა მაშინ მერკელმა.
არჩევნების წინა ღამეს გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში მერკელმა მიანიშნა, რომ ევროკავშირის შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. მისი თქმით, ბლოკი სწრაფად უნდა გაერთიანდეს ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა მზარდი ჩინეთი და რევანშისტული რუსეთი.
„მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ წევრი ქვეყნები ევროპული კონსენსუსიდან არ გადაუხვევენ,“ თქვა მერკელმა და დასძინა, რომ ცალკე მთავრობებიც მზად უნდა იყვნენ ერთიანი ევროპული ინტერესების დასაცავად.
მერკელის ლიდერობით გერმანიამ მნიშნელოვანი ეტაპები გაიარა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეკონომიკური ზრდა, მერკელისვე ლიდერობით გერმანული ჯარები მონაწილეობდნენ საერთაშორისო მისიებში ავღანეთში, მალისა და ლიტვაში. მანვე მოახერხა ევროპელი ლიდერების გაერთიანება ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთზე სანქციების დაწესებაზე.
მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ის „ბრექსიტის“ შემდგომი, ახალ ევროპას ჩაუყრის საფუძველს. მერკელის მართვის სტილის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უცვლელი დარჩება „ნაკლები ლაპარაკის“ პოლიტიკა და ის სვლას ისევ „ნელა გააგრძელებს.“
Facebook Forum