საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრით დაიწყო. „ჩვენ მთავრობასთან უფრო მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ვინმე სხვასთან,“ ასე უპასუხა კონგრესმენმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე. კითხვა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას უკავშრდებოდა, რომლის თანახმადაც კონგრესში საქართველოზე არასწორი ინფორმაცია სამთავრობო არხების გვერდის ავლით მიდის.
ვაშინგტონიდან, საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილი კრიტიკული წერილების შეფასებისას, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კრიტიკის მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობა და დეზინფორმაციაა, რომელსაც მათი თქმით, ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებენ.
კონგრესმენი კინზინგერი აცხადებს, რომ ნებისმიერი მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, დიალოგის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
„ნებისმიერი შეშფოთება, რომელზეც ვსაუბრობთ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ, ეს ჩვენს ინტერესებში შედის. საქართველო რომ არ გვაინტერესებდეს, მას რომ არ ვხედავდეთ, როგორც ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვან ქვეყანად, საქართველოთი არ დავინტერესდებოდით. მაგრამ ჩვენ დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, დიალოგის გაგრძელება ნებისმიერი მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია. ჩვენ ვრჩებით ამის ერთგული, ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის და გამოსავლის მონახვის ერთგული. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ყველა შეშფოთებაზე, ყველა ჩვენს საერთო ინტერესზე. იმედი მაქვს ზოგად გამოსავალს ძალიან მალე მივიღებთ,“ - განაცხადა კონგრესმენმა კინზინგერმა.
კონგრესმენი აცხადებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან გამოთქმული შეშფოთებები, არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან სიბრაზე.
მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ საქართველოც ხედავს შეერთებულ შტატებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას.კონგრესმენი ადამ კინზინგერი
„ჩვენ მთავრობასთან უფრო მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ვინმე სხვასთან. როცა ხედავთ შეშფოთების მიზეზებს, გამოვხატავთ ამ შეშფოთებას. მაგრამ ამ შეშფოთების გამოხატვა არ უნდა იყოს აღქმული როგორც [ჩვენი მხრიდან] იმედგაცრუება ან სიბრაზე. ეს მიღებული უნდა იყოს ისე, რომ ესაა ის, რაც მეგობრებს შორის ხდება. ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც ჩვენი მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან ქვეყანას. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ საქართველოც ხედავს შეერთებულ შტატებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას. ეს არ არის არავის გზავნილი,” აცხადებს ადამ კინზინგერი
პარლამენტის თავმჯომარესთან შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო სისტემის შესახებ დასმულ კითხვაზე, კონგგრესმენმა განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი თქმით, „არის იმის მიმართ თავდადებისთვის დრო, რომ გაგრძელდეს მუშაობა [იმის უზრუნველსაყოფად], რომ საქართველოში დემოკრატიამ იმუშაოს ისე, როგორც ამდენი ხანი მუშაობდა.“
კონგრესმენთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არჩილ თალაკვაძეს. შემაჯამებელ შეფასებას, ვიზიტის პირველი დღის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დღის ბოლოს გააკეთებს. მანმადე კი აცხადებს, რომ მას საშუალება მიეცემა, წრილებში წარმოდგენილი საკითხების შესახებ, უშუალოდ, წერილის ავტორებთან ღიად ისაუბროს.
არჩილ თალაკვაძის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში 6-10 თებერვლამდე გაგრძელდება.
მიმდინარე კვირაში, ვაშინგტონს ასევე სტუმრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა უკვე გამართა შეხვედრა სენატორებთან, ჯიმ რიშთან და ჯინ შაჰინთან.
Facebook Forum